„თქვენ ხართ სამარცხვინო“, „რა ვუთხარი იმ სისტემას, ვინც პედაგოგობის უფლება მოგცათ“, „ბავშვთან არ უნდა მიუშვა“, „თქვენ საშიში ხართ არა მხოლოდ სახელმწიფოსთვის, არამედ იმ ბავშვებისთვის, ვისთანაც გიმუშავიათ“, – ეს არის იმ ფრაზების მოკლე ჩამონათვალი, რომლითაც „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრმა, თეა წულუკიანმა მიმართა სამოქალაქო განათლების მასწავლებელს, გიორგი [გოტა] ჭანტურიას პროპაგანდისტული მედიის ეთერში, როცა მან მასწავლებლის და აქტიური მოქალაქისგან ივანიშვილის და მის მიერ შექმნილი რეპრესიული სისტემის კრიტიკა მოისმინა.
გოტა ჭანტურია იყო განათლების კოალიციის დირექტორიც, რომელმაც „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ დააფუძნა 2017 წელს. ახლა კი „მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის“ წარმომადგენელია.
როგორი მასწავლებლის ეშინია „ოცნებას“ და რაზე მეტყველებს წულუკიანის სიფიცხე? – ამ საკითხზე „ბათუმელები“ განათლების სპეციალისტს, მანანა რატიანს ესაუბრა.
- ქალბატონო მანანა, როგორ ფიქრობთ, საუბრობს თუ არა წულუკიანი სიძულვილის ენით მასწავლებლის პროფესიის მიმართ და თუ ხედავთ რაიმე საფრთხეს ამ ტიპის დამოკიდებულებაში?
ზოგადად, ამ ქალბატონს ნამდვილად უჭირს სწორი კომუნიკაცია და მით უმეტეს, როდესაც ეს კომუნიკაცია ეხება არა კონკრეტულად ერთ ადამიანს, არამედ მასწავლებელთა კორპუსის წარმომადგენელს, რომელშიც 60 000 მასწავლებელია, ბევრად უფრო მოზომილი უნდა იყოს.
ის ფრაზები, რომელიც თქვენ ახსენეთ და რომელსაც იყენებდა წულუკიანი, ნამდვილად შეურაცხმყოფელია. ის არ არის გადაწყვეტილების მიმღები, ვინ უნდა ასწავლოს და როგორ უნდა ასწავლოს მასწავლებელმა. ამას კანონი გვისაზღვრავს ჩვენ და მთელი შემზღუდველი მექანიზმები არსებობს იმისთვის, რომ ადამიანი, რომელიც არ იმსახურებს მასწავლებლობას, პროფესიაში ვერ შევიდეს.
ამიტომ მსგავსი შეფასებები ყველა მასწავლებლისთვის უნდა იყოს შეურაცხმყოფელი, რომ ვიღაც, ვინც საერთოდ ვერ ერკვევა განათლების სისტემაში და არ იცის, რას უნდა აკეთებდეს მასწავლებელი, რა ტიპის ღირებულებების და აღმზრდელობითი ცოდნის გადაცემის ვალდებულება აქვს, შეურაცხმყოფლად არ უნდა საუბრობდეს. აბსოლუტურად მიუღებელია ეს.
არავის აქვს უფლება აგდებით ილაპარაკოს ადამიანზე და მის პროფესიაზე, როცა ამ ყველაფრის შესახებ არ აქვს სათანადო ინფორმაცია.
ჩვენ თუ ვლაპარაკობთ მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციაზე, რომელზეც ხშირად საუბრობენ მმართველი პარტიის წარმომადგენლები, ამ პროფესიის ამ ფორმით დაკნინებით ნამდვილად ვერ მიაღწევენ ვერაფერს: მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციას ბევრი რამ სჭირდება, ეს არ არის მარტო ფინანსური მხარე, თუმცა არც მასწავლებლის ფინანსურ მხარეს აძლიერებენ.
ამდენი წელი არიან ხელისუფლებაში, ბოლო რამდენიმე წელი ლაპარაკობდნენ ხელფასების „უპრეცედენტო მატებაზე“ და მომატების ნაცვლად უამრავი ადამიანი დააზარალეს. განსაკუთრებით, წამყვანი და მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლები.
ის დამოკიდებულება მასწავლებლის პროფესიისადმი, რომ ვიღაცამ შეიძლება ასე აგდებულად მოიხსენიოს მასწავლებლობა და „ფსევდომასწავლებელი“ უწოდოს ადამიანს, ეს არის არასწორი. მასწავლებლის მთავარი შემფასებელი მოსწავლეა. მორჩა და გათავდა.
თუ ეს რეპრესიული რეჟიმი დიდხანს დარჩება ხელისუფლებაში, ერთ მშვენიერ დღეს ნამდვილად ვიხილავთ ამ ყველაფერს რეალობაში, რომ მასწავლებლებს სკოლები დაემშვიდობებიან ზუსტად მათი შეხედულებების გამო.
დღეს მასწავლებლები ისედაც ვერ გამოთქვამენ თავიანთ მოსაზრებებს ხმამაღლა – „მოსმენების“ მექანიზმი კარგადაა ჩართული და ისედაც მაღალია პოლიტიკური წნეხი მასწავლებელზე. ეს ძალიან მკაფიოა სკოლაში და ამის გამო მასწავლებლები ისედაც ძალიან დათრგუნულები არიან.
კვლევაც კი ჩატარდა არასათანადო გარემოზე, რომ მასწავლებლები ერთმანეთს აღარ ელაპარაკებიან, რადგან აღარ ენდობიან ერთმანეთს. ძალიან საგანგაშოა, რაც იმ კვლევაში წერია და თითოეულმა ჩვენგანმა, ვისაც სკოლასთან შეხება გვაქვს, ვიცით ამ ყველაფრის შესახებ.
არ შეიძლება ყველაფერს აკონტროლებდეს რესურსცენტრები და სამინისტრო. მით უმეტეს არ შეიძლება განათლების სისტემაში ერეოდნენ ის ადამიანები, რომელთაც წარმოდგენა არა აქვთ განათლების სისტემაზე.
- არც კულტურაზე ჰქონდა წარმოდგენა წულუკიანს, როგორც ამ სფეროს წარმომადგენლები ამბობდნენ და ვნახეთ კიდეც, რა შედეგები მიიღო მისი რეპრესიული პოლიტიკის გამო.
არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მორალდაცლილი იურისტების მხრიდან მსგავსი შეფასებები მივიღოთ. ბოლო დროს, ბევრი ასეთი ადამიანების ხელების ფათური ვნახეთ განათლების სისტემაში.
მასწავლებლის პროფესია მოსაფრთხილებელია. თუ რაღაც ისე არ კეთდება, მასწავლებელი გასაძლიერებელია და არა ის, რომ ვიღაცამ თითის გაშვერით, კნინობით და აგდებულ ფორმაში ილაპარაკოს მათზე. მით უმეტეს გოტა ჭანტურიაზე, რომელსაც ბევრად მეტი აქვს ქვეყნისათვის გაკეთებული, ვიდრე ქალბატონ წულუკიანს.
- როცა წულუკიანი ამბობს – „თქვენნაირი მასწავლებელი ბავშვთან არ უნდა მიუშვა“, „თქვენ ვინც დაგასაქმათ“ – ეს ნიშნავს, რომ ვიღაცებმა მიიღეს მინიშნება კრიტიკულად განწყობილი მასწავლებლების სკოლებიდან გაშვებაზე?
ეს მინიშნება დიდი ხანია მიღებულია, სამწუხაროდ. უბრალოდ, ბოლომდე ვერ წმენდენ სისტემას კრიტიკულად განწყობილი ადამიანებისგან. თუ მივუშვებთ, ბოლომდე გაწმენდენ. ვიღაცის გამოხედვა არ მოეწონებათ, ვიღაცის სხვა რამ.
- „თქვენ საშიში ხართ“- წულუკიანი ეუბნებოდა გოტა ჭანტურიას. როგორი მასწავლებლების ეშინია სისტემას, როგორ ფიქრობთ?
ალბათ ეშინიათ თამამი და პროფესიონალი მასწავლებლების. რაც უფრო მაღალია მასწავლებლის პროფესიონალიზმი, მით უფრო არ უფრთხის საკუთარი მოსაზრების გამოთქმას. ასე რომ, ყველა პროფესიონალი მასწავლებელი სისტემისთვის საშიშია. ცოტა ხანში, თუ ასე გაგრძელდა, პროფესიონალი მასწავლებლები სისტემაში აღარ გვეყოლება.
რაც შეეხება სიძულვილის ენას წულუკიანის მხრიდან, როდესაც სათქმელი არ გაქვს, არგუმენტები არ გაქვს და დებატების ელემენტარული წესი არ იცი, როცა იცი, რომ სათქმელი არ გაქვს და წაგებული იქნები ამ ბრძოლაში, მაშინ იწყებ პიროვნების შეურაცხყოფას და არა მისი მოსაზრებების შეფასებას. ეს ვნახეთ წულუკიანის შემთხვევაშიც.
თუმცა, ყველამ იცის, რასაც წარმოადგენს ეს პიროვნება. ყველამ იცის მისი ღვარძლიანი გამონათქვამები.
როცა ოპონირება არ არის არგუმენტებსა და ფაქტებზე დაფუძნებული, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, იყენებ ძალაუფლების ენას, შეურაცხყოფის ენას, რაც აბსოლუტურად არასწორია ნებისმიერ დებატში.




