ექთნებისა და მეანი-ექთნებისთვის წოდებრივი რანჟირების სისტემა ინერგება – დაინტერესებულ პირებს სახელმწიფო სარეგისტრაციო ან სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარება მოუწევთ

ექთნისა და მეანი-ექთნის პროფესიები რეგულირებად პროფესიებად განისაზღვრება – შესაბამისი განათლების მოპოვების შემდგომ, დაინტერესებული პირი სახელმწიფო სარეგისტრაციო ან სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარებას დაექვემდებარება.
პარლამენტმა პირველი მოსმენით მთავრობის მიერ წარდგენილი საკანონმდებლო პაკეტი მიიღო, რომელიც ექთნებისა და მეანი-ექთნების დიპლომის შემდგომი პროფესიული მზადების, უწყვეტი პროფესიული განვითარებისა და პროფესიული განათლების სისტემების ამოქმედებას ითვალისწინებს.
პროექტის მიხედვით, ექთნებისა და მეანი-ექთნების მიღებული განათლების შესაბამისად, წოდებრივი რანჟირების სისტემა ინერგება. კერძოდ, უმაღლეს (ბაკალავრიატის) კურსდამთავრებულ პირებს რეგისტრირებული ექთნის ან მეანი-ექთნის წოდება მიენიჭებათ, პროფესიული განათლების პროგრამის კურსდამთავრებულებს – სერტიფიცირებული პრაქტიკოსი ექთნის ან მეანი-ექთნის წოდება, საექთნო სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულს ენიჭება წოდება – უმაღლესი კატეგორიის პრაქტიკის ექთანი. საექთნო დიპლომის შემდგომი განათლების პროფესიული მზადების პროგრამის კურსდამთავრებულს მიენიჭება წოდება – ექთანი სპეციალისტი.
ამასთან, იგეგმება ექთნებისა და მეანი-ექთნების ავტორიზაციის ელექტრონული რეესტრის შექმნა, რომლის საშუალებით ექთნებისა და მეანი ექთნების რეგისტრაცია და სერტიფიცირება განხორციელდება. რეესტრში ავტორიზებული იქნება ყველა ექთნისა და მეანი-ექთნის საქმიანობის დაწყებისა და გაგრძელების პირობა.
სერტიფიცირებული პრაქტიკოსი ექთნებისთვის სერტიფიცირება 2025 წლის 1-ელ სექტემბრამდე, უგამოცდოდ განხორციელდება. რეგისტრირებული ექთნების რეგისტრაცია უგამოცდოდ 2030 წლის 1-ელ იანვრამდე მოხდება.
მთავრობის საკანონმდებლო პროექტის გათვალისწინებით, დამოუკიდებელი საექთნო და მეანი-ექთნის საქმიანობის უფლების მინიჭება 5 წლის ვადით მოხდება.
საექთნო და მეანი-ექთნის საქმიანობა სახელმწიფო რეგისტრაციის მოწმობის/სერტიფიკატის გარეშე – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
ამავე პროექტით მკვიდრდება ახალი, გენდერულად ნეიტრალური ტერმინი – კერძოდ, “მეანი-ექთნით“ ხდება “ბებიაქალის“ წოდების ჩანაცვლება. საკანონმდებლო პაკეტი ჯანდაცვის სამინისტრომ მოამზადა.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატის განცხადებით, მისთვის უცნობია, რას უკავშირდება ნია იმნაძის 10 თვის შემდეგ დაკავება, მტკიცებულებებში არ ფიქსირდება „მეტადან“ გამოთხოვილი ინფორმაცია და შესაძლოა უწყებებზე საზოგადოებრივ წნეხს ჰქონდეს ადგილი