ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებულმა თანამშრომელმა სასამართლო მოიგო

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს ეროვნული მუზეუმის ყოფილი თანამშრომლის სარჩელი და ბათილად ცნო მისი გათავისუფლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება. მის უფლებებს იცავდა არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია". გადაწყვეტილება 2 ივლისს გამოცხადდა.
მუზეუმმა ყოფილ თანამშრომელთან ხელშეკრულება ორი წლის წინ, 2022 წლის 1 ივნისიდან შეწყვიტა, კომპეტენციის არადამაკმაყოფილებელი დონის გამო, „თუმცა, რეორგანიზაციის ფარგლებში შექმნილ კომისიას კანდიდატის კომპეტენციის შემოწმების მცდელობაც კი არ ჰქონია“.
„საქმეში გამოიკვეთა რეორგანიზაციის ფარგლებში კომპეტენციის არასათანადოდ შემოწმების პრობლემა, შეფასების კრიტერიუმების არარსებობა და დასაქმებულისთვის ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის შეთავაზებაზე უარი, რაც სრულად ეწინააღმდეგება მოქმედ შრომის კანონმდებლობას“, - აღნიშნავენ საიაში.
სასამართლომ გათავისუფლებული თანამშრომლისთვის განაცდურისა და კომპენსაციის სახით მოპასუხეს 6000 ლარის გადახდა დააკისრა.
ეროვნული მუზეუმის, კულტურის სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ყოფილი თანამშრომლების ათობით სარჩელია სასამართლო წარმოებაში, ამ უწყებებში ბოლო ორი წლის განმავლობაში განხორციელებული რეორგანიზაციის შემდეგ. სამსახურიდან გათავისუფლებულთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ უკანონოდ დაითხოვეს განსხვავებული აზრისა და კულტურის მინისტრის პოლიტიკის მიუღებლობისთვის. რამდენიმე საქმის განხილვა საქალაქო სასამართლომ უკვე დაასრულა - თითქმის ყველა მათგანში გადაწყვეტილება მოსარჩელეთა სასარგებლოდ იქნა გამოტანილი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.