უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანიუნგრეთის წარმავალმა პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა, 25 აპრილს განაცხადა, რომ საპარლამენტო მანდატზე უარს იტყვი და ყურადღებას “ეროვნული ბანაკის” რეორგანიზაციას დაუთმობს.
“ვინაიდან მე, როგორც Fidesz-KDNP-ს სიის პირველმა კანდიდატმა, მოვიპოვე მანდატი, რომელიც რეალურად Fidesz-ს ეკუთვნის, გადავწყვიტე ამის უკან დაბრუნება. ახლა მე ეროვნული ბანაკის რეორგანიზაციაში ვარ საჭირო, და არა – პარლამენტში,” განაცხადა ორბანმა Facebook-ზე გავრცელებული ვიდეო მიმართვაში.
ცნობისთვის, ორბანის მმართველმა პარტიამ ქვეყნის საპარლამენტო არჩევნებში სერიოზული უპირატესობით წააგო, რის შედეგადაც ოპოზიციონერი პეტერ მადიარის პარტია Tisza-მ სუპერუმრავლესობა მოიპოვა და ახალ პარლამენტში 199-დან 141 ადგილს დაიკავებს, რაც საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საკმარისი რიცხვია.
მადიარმა, რომელიც უკვე უნგრეთის არჩეული პრემიერმინისტრია, ახალი კაბინეტის წევრების დასახელება უკვე დაიწყო. მისი თქმით, ქვეყნის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი ანიტა ორბანი იქნება, ხოლო ფინანსთა მინისტრის პოსტს ანდრაშ კარმანი დაიკავებს. Tisza-ს ლიდერმა ასევე დაასახელა ჯანდაცვის, გარემოს დაცვის, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებიც. მადიარი დანარჩენ თანამდებობებს, რომელთა რაოდენობაც ჯამში 16-ია, მომდევნო დღეებში შეავსებს.
არჩევნების გამარჯვების შემდეგ ბუდაპეშტში გამართულ პრესკონფერენციაზე უნგრეთის ახალმა ლიდერმა განაცხადა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ “სუპერმინისტრების” თანამდებობებს დაშლის, რითაც ის ორბანის დროინდელი ცენტრალიზებული მმართველობის სტილს შეცვლის.