ემანუელ მაკრონი - 26-მა ქვეყანამ პირობა დადო, რომ უკრაინაში დამატებითი ძალები გაგზავნოს, ხმელეთზე, ჰაერსა თუ ზღვაში - აშშ უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფაში მონაწილეობას მიიღებს

უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები მზად არის, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პარიზში, „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის დასრულების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„26-მა ქვეყანამ პირობა დადო, რომ უკრაინაში დამატებითი ძალები გაგზავნოს, იქნება ეს ხმელეთზე, ჰაერსა თუ ზღვაში მხარდაჭერა. უკრაინის თავდაცვასთან დაკავშირებით შეზღუდვები არ არსებობს“, - განაცხადა ემანუელ მაკრონმა.
მისი თქმით, უახლოეს დღეებში უსაფრთხოების გარანტიების შესახებ აშშ-თან საბოლოო დეტალებზე მუშაობა დასრულდება.
„აშშ-მა ნათლად განაცხადა, რომ უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფაში მონაწილეობას მიიღებს“, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
ასევე, მაკრონის განცხადებით, თუ რუსეთი სამშვიდობო მოლაპარაკებებზე უარს იტყვის, მაშინ ევროპა დამატებით სანქციებს აშშ-თან ერთად მიიღებს.
„საერთაშორისო სამართლის დარღვევას ვერ დავუშვებთ. ეს მხოლოდ უკრაინას არ ეხება, ეს ყველას უსაფრთხოების საკითხია“, - განაცხადა მაკრონმა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.