“ფორმულას” ჟურნალისტი ელისო ჯარიაშვილი საგამოძიებო უწყებაში დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ჟურნალისტი ავრცელებს.
მისი თქმით, საქმე ეხება მის რეპორტაჟს, სადაც გააჟღერა, რომ იცის იმ პირის ვინაობა, ვინც თავს ურნალისტ გურამ როგავას დაესხა.
„საგამოძიებო რეპორტაჟის შემდეგ დამიკავშირდნენ პროკურატურიდან, დამიბარეს გამოკითხვაზე.
მიუხედავად იმისა, რომ ამის სამართლებრივი აუცილებლობა არ არის, რადგან გურამ როგავაზე შესაძლო თავდამსხმელის ვინაობა მათთვის უკვე ცნობილია და შესაბამისად შეუძლიათ საგამოძიებო მოქმედების ჩატარება, მე დღესვე მაინც მივალ და სახელს და გვარს ადგილზეც გავუმეორებ, თუ ამ ფორმალობას მათთვის მნიშვნელობა აქვს“, – აცხადებს ელისო ჯარიაშვილი.
ჟურნალისტმა ელისო ჯარიაშვილმა განაცხადა, რომ ცნობილია პირი, რომელიც 2024 წლის 28 ნოემბერს ტელეწამყვან და ჟურნალისტ გურამ როგავას პირდაპირ ეთერში მუშაობის დროს დაესხა თავს. ამის შესახებ ჯარიაშვილმა „ფორმულას“ ეთერში გასულ საგამოძიებო რეპორტაჟში ისაუბრა.
მისი თქმით, ინფორმაცია სავარაუდო თავდამსხმელის შესახებ ანონიმურმა წყარომ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტიდან მიაწოდა. რეპორტაჟში საუბარია გდდ-ის ყოფილ თანამშრომელზე, რომელიც 2024 წელს მართლწესრიგისა და მასობრივი ღონისძიებების უსაფრთხოების დაცვის სამმართველოში მუშაობდა.
თავად აღნიშნულმა პირმა ბრალდებები უარყო. თავდასხმასთან კავშირს უარყოფს გდდ-ის ყოფილი ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილიც.
ჟურნალისტ გურამ როგავას 2024 წლის ნოემბერში პირდაპირ ეთერში მუშაობისას თავს დაესხნენ. შემთხვევის შედეგად მას სახის ძვლები და კისრის მალები დაუზიანდა. საქმეზე სავარაუდო დამნაშავე ამ დრომდე ოფიციალურად გამოვლენილი არ არის.




