ელიზბარაშვილი არის არა სამარტოო, არამედ მოშიმშილეთათვის განკუთვნილ საკანში – პენიტენციური

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, თამაზ ელიზბარაშვილი მოშიმშილეთათვის განკუთვნილ საკანში იმყოფება.მათი თქმით, არასწორია ადვოკატის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, “თითქოს ელიზბარაშვილი პენიტენციურ დაწესებულებაში სამარტოო საკანშია გადაყვანილი”.
“სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ბრალდებულ თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატის მიერ გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას, თითქოს ელიზბარაშვილი პენიტენციურ დაწესებულებაში სამარტოო საკანშია გადაყვანილი.
პენიტენციურის ცნობით, ელიზბარაშვილი იმყოფება ფლიგელში, სადაც სასჯელს სამართალდამცავი სტრუქტურის ყოფილი თანამშრომლები იხდიან, რადგან “ამ ფლიგელში მყოფი პირებიდან სხვა არავინ შიმშილობს, ბრალდებული ელიზბარაშვილი მოშიმშილეთათვის განკუთვნილ საკანში იმყოფება მარტო”.
საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ თამაზ ელიზბარაშვილი, როგორც მოშიმშილე, იმყოფება არა სამარტოო, არამედ მოშიმშილეთათვის განკუთვნილ საკანში, რასაც ითვალისწინებს პენიტენციური დაწესებულების შინაგანაწესი.
ამასთან, ვინაიდან ბრალდებული სამართალდამცავი სტრუქტურის ყოფილი თანამშრომელია, იგი იმყოფება ფლიგელში, სადაც სასჯელს იხდიან სამართალდამცავი უწყებების ყოფილი თანამშრომლები და რადგან ამ ეტაპზე №8 პენიტენციურ დაწესებულების ამ ფლიგელში მყოფი პირებიდან სხვა არავინ შიმშილობს, ბრალდებული ელიზბარაშვილი მოშიმშილეთათვის განკუთვნილ საკანში იმყოფება მარტო.
რაც შეეხება სამედიცინო მომსახურების საკითხს, ბრალდებულს, პენიტენციურ დაწესებულებაში შესახლებისთანავე, ჩაუტარდა ყველა შესაბამისი გამოკვლევა. ამჟამადაც, როგორც მოშიმშილე, სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და, საჭიროების შემთხვევაში, მას გაეწევა სათანადო მომსახურება.
ამასთან, იგი უზრუნველყოფილია ქრონიკული დაავადების სამკურნალო შესაბამისი მედიკამენტით და მიიღებს მას დანიშნულებისამებრ.
გარდა ამისა, ბრალდებული საკანში უზრუნველყოფილია ჰაერის გამაგრილებლით – ე.წ. ვენტილატორით. შესაბამისად, სიცრუეა მისი უფლებადამცველის განცხადება, თითქოს ბრალდებულს დასახელებული ნივთი არ აქვს.
რაც შეეხება ტელევიზორით სარგებლობის საკითხს, აღნიშნული ნივთი, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ბრალდებულის/მსჯავრდებულის შემთხვევაში, თავად ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა უნდა შეიძინოს პენიტენციური დაწესებულების მაღაზიაში, დადგენილი წესის შესაბამისად.
სპეციალური პენიტენციური სამსახური მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ პირსა და მედიასაშუალებას, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი და არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან და საზოგადოებას მიაწოდონ მხოლოდ დაზუსტებული, ობიექტური და გადამოწმებული ინფორმაცია”. – წერს უწყება.
ცნობისთვის, პატიმრობაში მყოფმა ელიზბარაშვილმა 8 სექტემბერს განაცხადა, რომ ის შიმშილობას იწყებს.
თამაზ ელიზბარაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
თამაზ ელიზბარაშვილი 1-ელ სექტემბერს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს. 3 სექტემბერს პროკურატურამ მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობისა დაზიანების და სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) წარუდგინა.
“ელიზბარაშვილი იყო შეიარაღებული” – პროკურატურა რესტორნის ვიდეოჩანაწერს აქვეყნებს [VIDEO]
1 სექტემბერს გაჩხრიკეს ელიზბარაშვილის მანქანა და საცხოვრებელი სახლი. როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს საგამოძიებო მოქმედებები სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუქარისა და 236-ე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარდა.