დაზარალებულის „ბრალეულობა“ – ამაზე საუბარი უკვე მთლიანად ე.წ. მთავრობის მხრიდან, მსხვერპლზე ძალადობის გაგრძელებაა, – ასე ეხმაურება „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია გორში, პოლიციელების მხრიდან ორ მოქალაქეზე განხორციელებულ ძალადობას.
როგორც რუსთავის ქალთა ციხიდან გამოქვეყნებულ წერილში ხოშტარია აცხადებს, „ე.წ. მთავრობა არამხოლოდ ხელს აფარებს მოძალადეებს, არამედ თავადაც აგრძელებს ძალადობას უდანაშაულო ადამიანზე“.
„გორში მომხდარ ძალადობაზე თავად „ოცნების“ რეაქცია ამჟღავნებს მათი ძალაუფლების რეალურ ბუნებას – კრიმინალური, სისტემური, ორგანიზებული ძალადობა. ძალის გადამეტება – როგორ შეიძლება, ძალის გადამეტება იყოს იქ, სადაც ძალის გამოყენების უფლება არავის არ ჰქონდა?!
ტყუილი – საქმეში ფიგურირებს დანა და ქვა. შსს თავადაა ძალადობის წყარო და სჭირდებათ შემსრულებლების გამოძვრენა. საქმეში არანაირი მტკიცებულება დანის, ან ქვის შესახებ არ არსებობს. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ღიად და დემონსტრაციულად იტყუება.
დაზარალებულის „ბრალეულობა“ – ამაზე საუბარი უკვე მთლიანად ე.წ. მთავრობის მხრიდან, მსხვერპლზე ძალადობის გაგრძელებაა. ანუ ე.წ. მთავრობა არამხოლოდ ამართლებს პოლიციელების მიერ ჩადენილ ძალადობას და ხელს აფარებს მოძალადეებს, არამედ თავადაც აგრძელებს ძალადობას ამ უდანაშაულო ადამიანზე.
„ოცნების“ პოლიტიკური განცხადებები – ტრადიციისამებრ, არაადამიანური და ძალადობრივი“, – წერს ხოშტარია.




