ელენე ხოშატრიამ და ღირსების შემლახავი მოპყრობის მსხვერლმა ქალებმა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარ მაიკლ ო’ფლაერტს მიმართეს

ელენე ხოშატრიამ და ღირსების შემლახავი მოპყრობის მსხვერლმა ქალებმა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარ მაიკლ ო’ფლაერტს მიმართეს
პოლიტიკურმა პატიმარმა ელენე ხოშტარიამ, 7 დაზარალებულ ქალთან ერთად, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარ მაიკლ ო’ფლაერტს, წინასწარი მოთავსების იზოლატორებში გაშიშვლების ძალადობრივი პრაქტიკის შესახებ, წერილით დღეს მიმართა. კომისარი საქართველოში 2 დღიანი ვიზიტით იმყოფება.
ელენე ხოშტარია და წერილის ხელმომწერები კომისარს მოუწოდებენ, გამოიყენოს მისი უფლებამოსილების ფარგლებში არსებული ყველა მექანიზმი, რათა დასრულდეს ეს ღირსების შემლახავი პრაქტიკა და პასუხისგებაში მიეცეს ყველა დამნაშავე პირი.
წერილში ხაზგასმულია, რომ 2025 წლის მარტში ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ დიღმის იზოლატორში განხორციელებული ძალადობა არ არის ცალკეული შემთხვევა. ძალადობრივი გაშიშვლების პრაქტიკას სისტემური ხასიათი აქვს და გამოიყენება დემოკრატიული, პროევროპული წინააღმდეგობის მოძრაობის მონაწილეებზე ძალადობისთვის და მათი დაშინების მიზნით.
“ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ანგარიშმა მკაფიოდ გაუსვა ხაზი, რომ ძალადობრივი გაშიშვლების შემთხვევევი არ არის მხოლოდ პროცედურული გადაცდომა, ეს არის ადამიანის უფლებების სისტემური დარღვევა. და ეს პრაქტიკა წარმოადგენს უფრო ფართო, სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული წამების სისტემის ერთ-ერთ საყრდენს”,- წერია მიმართვაში.
წერილის ხელმომწერების აზრით, იმისთვის, რომ დაკავებული პირების ძალადობრივი გაშიშვლების ღირსების შემლახავი პრაქტიკია შეწყდეს, არ არის საკმარისი ამ შემთხვევების მხოლოდ დოკუმენტირება – დამნაშავეები უნდა დაისაჯონ. მათი პასუხისგებაში მიცემა იქნება ერთადერთი ეფექტიანი შემაკავებელი ფაქტორი წამების ნორმალიზაციის წინააღმდეგ.
“პროტესტის მონაწილე საქართველოს მოქალაქეების შეუჩერებელი წინააღმდეგობა სიმტკიცე და გამძლეობა ცხადყოფს, რომ საქართველოში ვერ დამყარდება სტაბილურობა სამართლიანობის აღდგენისა და ადამიანის ღირსების უმთავრეს ღირებულებად აღიარების გარეშე”,- ვკითხულობთ მიმართვაში.
შეგახსენებთ, დაკავებული ქალების და არამხოლოდ ქალების უკანონო და ძალადობრივი გაშიშვლების პრაქტიკის შესახებ ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი 2024 წლის 28 ნოემბრის მოვლენების შემდეგ გახდა. მას მერე, რაც საქართველოს ასობით მოქალაქე დაექვემდებარა წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას დაკავების შემდეგ.
მიმართვას ხელს აწერენ:
1. თამუნა გიორგაძე
2. ლიკა ბასილაია-შავგულიძე
3. მარიამ მელიქიშვილი
4. ნუცა მახარაძე
5. ნინო ბარძიმაშვილი
6. ნინო დათაშვილი
7. ⁠ქრისტინა ბოტკოველი (ნენსი ვოლანდი)
8. ელენე ხოშტარია Helen Khoshtaria