ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე „მოქალაქეების“ წევრმა დეპუტატმა ქეთევან თურაზაშვილმა საქართველოს შესახებ ორ რეზოლუციას დაუჭირა მხარი

სტრასბურგში მიმდინარე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე პარტია „ – მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ქეთევან თურაზაშვილმა მხარი დაუჭირა საქართველოს შესახებ ორ რეზოლუციას. მესამე რეზოლუციას, რომელიც წევრი ქვეყნების მონიტორინგის ანგარიშის შეჯამებაა, დეპუტატი დღეს დაუჭერს მხარს.
პარტიის პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს პარლამენტის წევრის მიერ უკვე მხარდაჭერილია დოკუმენტები, რომლებიც ეხება საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების საკითხებს, აგრეთვე, სამოქალაქო ჩართულობის წინააღმდეგ სტრატეგიულ სარჩელებს და ე.წ. SLAPP-ებს.
„საგულისხმოა, რომ მიმდინარე კვირის რეზოლუციებში მოხვდა ყველა ის თემა, რომელმაც გასულ წელს ქართველ ხალხში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ვგულისხმობ ყველა იმ არასერიოზულ თუ არასახელმწიფოებრივ პოზიციას და ინიციატივას, რომელსაც ,,ქართული ოცნება“ გასულ წელს გვთავაზობდა, იქნება ეს პროპაგანდისტული კანონპროექტების ინიცირება, თუ ისეთი კანონპროექტები, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის ადამიანის უფლებების ევროპულ სტანდარტებთან, სიტყვის თავისუფლებასთან, ეწინააღმდეგება ვენეციის კომისიის თუ ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს.
ასევე, ის არასერიოზული დამოკიდებულება, რომელსაც ხელისუფლება პოლიტიკური ინსტიტუტების მიმართ იჩენს, მაგალითად, პრეზიდენტის წინააღმდეგ დაწყებული იმპიჩმენტის პროცედურა, რამაც ქვეყნის იმიჯი საერთაშორისო ასპარეზზე მნიშვნელოვნად დააზიანა. ყველა ეს მაღალი მგრძნობელობის საკითხი გვხვდება რეზოლუციებში.
არადა, ჩვენი ხელისუფლება ხალხისთვის არაფრისმომცემი და ქვეყნისთვის მხოლოდ დამაზიანებელი ფსევდოსაქმიანობით რომ არ ყოფილიყო დაკავებული და თავად ეზრუნა განათლების ხარისხის ევროპულთან დაახლოებაზე, ღირსეული ცხოვრების პირობები შეეთავაზებინა ჩვენი მოქალაქეებისთვის, პენსიონერებისთვის ცხოვრება ცოტა მაინც შეემსუბუქებინა, მოწყვლად ჯგუფებს გვერდით დასდგომოდა და არა პირიქით, გაეუმჯობესებინა, გაეჯანსაღებინა სასამართლო გარემო და სამართლიანობის განცდა გაგვჩენოდა თითოეულ ჩვენგანს, ახლა კანდიდატის სტატუსი უკვე კარგა ხნის მიღებული გვექნებოდა.
არც ამ რეკომენდაციების გაცემა და დავალებების მოცემა იქნებოდა ჩვენთვის საჭირო. ახლა მოლდოვასთან და სთან ერთად ჩვენც უკვე კიდევ უფრო წინ, ევროკავშირის წევრობის მომლოდინეთა სიაში ვიქნებოდით”, – აცხადებს დეპუტატი.
პარტიის პრესსამსახურის ცნობით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია დღეს სრულდება.
„მიმდინარე ზამთრის სესია იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ საპარლამენტო ასამბლეაზე ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის არჩევნებიც შედგა, რომლის მანდატიც გულისხმობს ადამიანის უფლებების დაცვაზე მეთვალყურეობას წევრ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში. ქეთევან თურაზაშვილს ბოლო ორი სასესიო პერიოდის განმავლობაში, აქტიური შეხვედრები და კომუნიკაცია ჰქონდა ამ თანამდებობაზე წარდგენილ სამივე კანდიდატთან. ახალარჩეული კომისრის ვინაობა ოფიციალურად თებერვლის ბოლოს გამოცხადდება და „მოქალაქეები“ მასთან აქტიურ საქმიან კომუნიკაციას გეგმავენ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.