“გავერთიანდეთ სააკაშვილის გასათავისუფლებლად” – ბეჟაშვილის სიტყვა ევროსაბჭოს ასამბლეაზე

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2024 წლის ზამთრის სესიაზე სიტყვით გამოსვლის დროს პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, ს ჯანმრთელობის მდგომარეობასა და მის მიმართ მოპყრობაზე ისაუბრა.
ბეჟაშვილის თქმით, საყოველთაოდ არის აღიარებული, რომ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა “კრემლისადმი წინააღმდეგობისა და დემოკრატიისადმი ერთგულების შედეგია”. მან მოუწოდა დეპუტატებს, გაერთიანდნენ მიხეილ სააკაშვილისა და სხვა პოლიტიკური პატიმრების გასათავისუფლებლად.
“დღეს ბატონი სააკაშვილი ჯანმრთელობის პრობლემების წინაშე დგას. მაშინ, როდესაც უსამართლოდ აპატიმრებენ პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით, თუ სიმართლეს ვიტყვით, ის დღეს ისჯება საქართველოს ოლიგარქიული ხელისუფლების მიერ დემოკრატიის დაცვის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და დემოკრატიული არჩევნების გზით ხელისუფლების გადაცემის ისტორიული პრეცედენტის შექმნისთვის. ის არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის სამიზნე არაერთხელ გახდა, როგორც ციხეში, ასევე სამედიცინო კლინიკაში ყოფნის დროს და სავარაუდოდ, მოწამლეს ციხის საავადმყოფოდან სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანისას.
საყოველთაოდ აღიარებულია, რომ მისი საქმე კრემლისადმი წინააღმდეგობისა და დემოკრატიისადმი ერთგულების შედეგია, რაც მას პუტინის პირად ტყვედ აქცევს. ამ გარემოებების გათვალისწინებით. მე ვეკითხები კომიტეტს – როგორ აღიქვამს მიხეილ სააკაშვილის საქმეს და რა ქმედებები შეიძლება განხორციელდეს სამართლიანობის დასამყარებლად და ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად. მოდით, ჩვენი ხმებით გავაერთიანოთ სამართლიანობის, მიხეილ სააკაშვილისა და სხვა პოლიტპატიმრების გათავისუფლებისთვის და იმის უზრუნველსაყოფად, რომ ადამიანის ფუნდამენტური უფლებები დაცული იქნება ყოველგვარი კომპრომისის გარეშე”, – განაცხადა ბეჟაშვილმა.