ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, სტრასბურგის სასამართლოში “FARA”-ზე საჩივართან დაკავშირებით ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვა და წერილობითი პოზიცია წარადგინა.
“კომისარი მიიჩნევს, რომ „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის” მიღება სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული შეზღუდვების ნაწილს წარმოადგენს და უარყოფით გავლენას ახდენს მედიებისა და იმ არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობაზე, რომლებიც ადამიანის უფლებებზე, დემოკრატიასა და სამართლის უზენაესობაზე მუშაობენ.
მისი შეფასებით, კანონის დებულებები ეწინააღმდეგება ევროპული კონვენციით დადგენილ კანონიერების, ლეგიტიმურობის, აუცილებლობისა და პროპორციულობის კრიტერიუმებს, ასევე დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპს. ამასთანავე, კომისრის პოზიციით, კანონი შეიცავს ბუნდოვან ფორმულირებებს და „პოლიტიკურ საქმიანობას” ზედმეტად ფართოდ განმარტავს, რაც შლის ზღვარს ლეგიტიმურ საერთაშორისო თანამშრომლობასა და ფარულ უცხოურ ჩარევას შორის და ართულებს იმის გაგებას, თუ ვისზე ვრცელდება კანონი. კომისარი აღნიშნავს, რომ კანონი ქმნის ადმინისტრაციული კონტროლის რეჟიმს, რომელიც თავისი სიმკაცრით რუსულ „უცხოეთის აგენტების” კანონებს უთანაბრდება და წესების ნებისმიერი განზრახ დარღვევისთვის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას აწესებს 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით”. – წერს საია.
გარდა ამისა, საია-ს ცნობით, კომისარი აღნიშნავს, რომ ტერმინ „აგენტის“ გამოყენებას საზოგადოებრივ აღქმაში ნეგატიური შინაარსი აქვს და ამ კანონის მიღება სამოქალაქო სექტორის სტიგმატიზაციას იწვევს.
“კომისარი ასევე მიუთითებს, რომ კანონი მიზანმიმართულად ეხება კონკრეტულ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს, რომლებიც უცხოურ დაფინანსებას იღებენ, რის გამოც ამგვარ განსხვავებულ მოპყრობას გაუმართლებლად მიიჩნევს. ამ მიგნებებზე დაყრდნობით, კომისარი ვარაუდობს, რომ სასამართლომ შესაძლოა კანონის მიღება იმ ფართო შეზღუდვების ნაწილად მიიჩნიოს, რომელთა მიზანიც მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილი ორგანიზაციების დაშინება და სამოქალაქო აქტივისტების დისკრედიტაციაა”. – წერია საია-ს განცხადებაში.
საია წერს, რომ კომისარი მიიჩნევს, ჯანსაღი დემოკრატიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების როლისა და ფუნქციონირების ეფექტიანი ხელშეწყობა. მათივე განცხადებით, კომისარი ივანიშვილის რეჟიმს მოუწოდებს, რომ საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად, სამოქალაქო სექტორისთვის თავისუფალი და უსაფრთხო სამუშაო გარემო უზრუნველყოს.
ცნობისთვის, სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. FARA-ს ანალოგთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო.
ივანიშვილის პარლამენტმა ე.წ. “FARA-ს ანალოგი” კანონი, “უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი 2025 წლის აპრილში მიიღო.
