ევროპარლამენტმა დაამტკიცა ანგარიში, სადაც ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაა მოთხოვნილი

436 მომხრე, 145-ის წინააღმდეგი – ევროპარლამენტმა საქართველოზე კრიტიკულ ანგარიშს მხარი დაუჭირა.

დოკუმენტს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის წევრების, პოლიტიკური გუნდის, მოსამართლეების და პროკურორების მოითხოვს, ევროპარლამენტარების უმრავლოსობა მიემხრო.

ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირს, გაყინოს ივანიშვილის აქტივები და ითანამშრომლოს ამ საკითხთან დაკავშირებით სხვა იურისდიქციებთან, კერძოდ, გაერთიანებულ სამეფოსთან და შეერთებულ შტატებთან.

ამის პარალელურად, დოკუმენტის თანახმად, ევროპარლამენტი გამოხატავს სრულ სოლიდარობას ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც აგრძელებს ბრძოლას ევროპული და დემოკრატიული საქართველოსთვის.

ევროპარლამენტარები დე-ფაქტოდ მოიხსენიებენ საქართველოს მთვრობას და პარლამენტს. ანგარიშში ნათქვამია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არა მხოლოდ შეაჩერა, არამედ უკუაქცია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის კურსი.

ევროპარლამენტი ასევე  „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული კომპანიებისა და მედია საშუალებების თანამონაწილე მფლობელების მიმართ პერსონალური სანქციების დაწესებას ითხოვენ.

მკაცრად გმობს „ქართული ოცნების“ მოკავშირე მედია საშუალებების, მათ შორის „იმედის“, „პოსტვ“-სა და „რუსთავი 2“-ის როლს ევროკავშირისა და მისი ინსტიტუტებისა და წარმომადგენლების, კერძოდ, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელისა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების დიპლომატების წინააღმდეგ სისტემატური დეზინფორმაციის, ცილისმწამებლური კამპანიებისა და მტრული პროპაგანდის გავრცელებაში; აღნიშნავს გაერთიანებული სამეფოს მიერ ბოლო დროს მიღებულ გადაწყვეტილებას „იმედის“ და „პოსტვ“-ს წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ; მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, გადახედონ ასეთი მედია საშუალებების აკრედიტაციას ევროკავშირის ინსტიტუტებში და მოუწოდებს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, მიჰყვნენ გაერთიანებული სამეფოს მაგალითს და მიიღონ შესაბამისი და პროპორციული შემზღუდველი ზომები იმ პირებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ამ დეზინფორმაციული კამპანიების ორგანიზებასა და დაფინანსებაზე, მათ შორის ევროკავშირის გლობალური ადამიანის უფლებების სანქციების რეჟიმის ფარგლებში. დოკუმენტი მოუწოდებს ევროკავშირის სანქციების სიაში შეიყვანონ საქართველოს ეროვნული კომუნიკაციების კომისიისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობის წევრები.

რეზოლუციის ტექსში ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უმოქმედობის გაგრძელებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს უვიზო რეჟიმის შეჩერება მთელი მოსახლეობისთვის, რაზეც სრული პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ დაეკისრება.

„ეს „ქართული ოცნების“ რეჟიმის მიერ ფუნდამენტური ღირებულებების დარღვევის პირდაპირი შედეგია; [ევროპარლამენტი] მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებს, აღნიშნული კატეგორიის ვიზის განმცხადებლების მიმართ ჩაატარონ საფუძვლიანი შემოწმება, მათ შორის გასაუბრებითა და დამადასტურებელი დოკუმენტების მოთხოვნით, ხოლო წარმოდგენილი ინფორმაციის სანდოობის შესახებ ეჭვის შემთხვევაში უარი უთხრან ვიზის გაცემაზე; წუხს, რომ ევროკავშირის მასშტაბით სავიზო აკრძალვები საქართველოს იმ ოფიციალური პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებზე, დემოკრატიული უკუსვლისა და რეპრესიების პროცესზე, შეუძლებელი გახდა უნგრეთისა და სლოვაკეთის მთავრობების წინააღმდეგობის გამო; აღნიშნავს, რომ ვიზების შეჩერების მექანიზმის მერვე ანგარიში ხაზს უსვამს საქართველოს მიერ ძირითად კრიტერიუმებთან და წინა რეკომენდაციებთან შეუსაბამობას; აფრთხილებს, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უმოქმედობის გაგრძელებამ შესაძლოა გამოიწვიოს უვიზო რეჟიმის შეჩერება მთელი მოსახლეობისთვის, რაზეც სრული პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ დაეკისრება; მოუწოდებს ევროკომისიას, შექმნას მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებს, ჟურნალისტებსა და სტუდენტებს ევროკავშირში უვიზო მიმოსვლა შეუნარჩუნდებათ, და გაზარდოს პირდაპირი მხარდაჭერა ადამიანებს შორის გაცვლითი პროგრამებისთვის, როგორიცაა Erasmus+, Horizon Europe, European Solidarity Corps და Creative Europe“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

ამასთან, ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, განახორციელოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა პროცედურების რეფორმირება, რათა შესაბამისობაში მოიყვანოს ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან.

„გამოხატავს ღრმა შეშფოთებას მომიტინგეებისა და აქტივისტების წინააღმდეგ ადმინისტრაციული დაკავების ბოროტად გამოყენების გამო; აღნიშნავს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას „მექვაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ საქმეზე, რომელშიც დადგინდა, რომ დამოუკიდებელი მტკიცებულებების გარეშე მხოლოდ პოლიციის ჩვენებებზე დაყრდნობა ძირს უთხრის სამართლიანი სასამართლოს გარანტიებს და ხელს უწყობს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ არაპროპორციული სანქციების დაწესებას; მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, განახორციელოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა პროცედურების რეფორმირება, რათა შესაბამისობაში მოიყვანოს ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან; გმობს მომიტინგეებისა და დაკავებულების მიმართ ძალის გადაჭარბებული გამოყენების, წამებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ სანდო ცნობებს, მათ შორის წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) ბოლოდროინდელ დასკვნებს, რომლებიც ადასტურებს პოლიციის მხრიდან ძალადობისა და დაცვისა და ანგარიშვალდებულების სისტემატური ხარვეზების შესახებ ბრალდებებს; მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას უზრუნველყოს სწრაფი, დამოუკიდებელი და ეფექტური გამოძიება, დამნაშავე პირებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება და CPT-ის რეკომენდაციების სრულად შესრულება. გმობს ქართველი სამართალდამცავი ორგანოების მიერ მომიტინგეების მიმართ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის, გაუპატიურების და სხვა გენდერული ძალადობის მუქარის, ასევე უკანონო „შიშველი ჩხრეკის“ მზარდ ტენდენციას, რაც დისიდენტების, განსაკუთრებით ქალი მომიტინგეების დაშინების კამპანიის ნაწილია და ქართველების გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლებების შეზღუდვის მიზნით გამოიყენება“, – აღნიშნულია ანგარიშში.

ევროპარლამენტი გამოხატავს შეშფოთებას იმის გამო, რომ საქართველოს პორტების, ნავთობგადამამუშავებელი ინფრასტრუქტურისა და ნავთობის გადამტვირთავი ობიექტები შეიძლება გამოიყენონ რუსული ნავთობპროდუქტების რეექსპორტის ან შერევის ხელშესაწყობად საერთაშორისო სანქციების რეჟიმების გვერდის ავლის მიზნით.

„სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს ცნობებთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც რუსული ნედლი ნავთობი იგზავნება შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე ახლად აშენებულ და ნაწილობრივ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაში; მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს და აღკვეთოს ნებისმიერი მსგავსი საქმიანობა და უზრუნველყოს, რომ საქართველოს ინფრასტრუქტურა არ იქნეს გამოყენებული რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის ხელშესაწყობად; აღნიშნავს, რომ ყულევის ნავთობტერმინალი არ შეიტანეს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტში, საქართველოს ხელისუფლებისა და ტერმინალის ოპერატორის მიერ აღებული ვალდებულებების საფუძველზე, რომ ისინი მკაცრად დაიცავდნენ ევროკავშირის სანქციებს; გამოდის მოწოდებით, რომ ტერმინალი შეიტანონ სანქციების მომავალი პაკეტებში იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ხელისუფლება და ტერმინალის ოპერატორები მკაცრად არ დაიცავენ ევროკავშირის სანქციებს; ასევე გამოდის მოწოდებით, გაძლიერდეს თანამშრომლობა ევროკავშირსა და საერთაშორისო პარტნიორებს შორის, რათა უზრუნველყოფილი იყოს შემზღუდავი ზომების სრულყოფილი აღსრულება“, – აღნიშნულია ანგარიშში.

დოკუმენტში საუბარია საქართველოში მომიტინგეების წინააღმდეგ აკრძალული ქიმიური ნივთიერების შესაძლო გამოყენების შესახებაც და ხაზგასმულია, რომ ამ ბრალდებებთან დაკავშირებით სასწრაფო, დამოუკიდებელი და გამჭვირვალე საერთაშორისო გამოძიება უნდა ჩატარდეს.

„[ევროპარლამენტი] გამოხატავს უკიდურეს შეშფოთებას იმ ბრალდებების გამო, რომ საქართველოში შესაძლოა გამოეყენებინათ აკრძალული ქიმიური ნივთიერება პირების წინააღმდეგ საპროტესტო აქციების კონტექსტში; ხაზს უსვამს, რომ დადასტურების შემთხვევაში, ნებისმიერი ქიმიური ნივთიერების გამოყენება მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ წარმოადგენს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების, საერთაშორისო ჰუმანიტარული ნორმების და საერთაშორისო სამართლის, მათ შორის ქიმიური იარაღის აკრძალვის, ფარგლებში საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების უხეშ დარღვევას; გმობს საქართველოს ხელისუფლების მიერ ამ საკითხთან დაკავშირებით ჩატარებულ არასათანადო გამოძიებას; ამ ბრალდებებთან დაკავშირებით დაუყოვნებლივი, დამოუკიდებელი და გამჭვირვალე საერთაშორისო გამოძიების ჩატარების მოწოდებით გამოდის, მოუწოდებს გაეროს ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციას ჩაატაროს მოკვლევა და მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებს, გადასცენ ეს საქმე შემდგომი გამოძიებისთვის“, – აღნიშნულია ანგარიშში.

 

ასევე დაგაინტერესებთ