ევროკომისრები „სისულელეს როშავენ“ - პუტინი კობახიძე-ვარჰეის დიპლომატიურ სკანდალს გამოეხმაურა
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და ევროკომისრის ოლივერ ვარჰეის სატელეფონო საუბართან დაკავშირებულ დიპლომატიურ სკანდალს გამოეხმაურა. ამის შესახებ ekhokavkaza წერს.
„ბევრი ევროკომისარია, ისინი მუდმივად იცვლებიან და ყველანაირ სისულელეს როშავენ“, - თქვა პუტინმა.
ერთი დღით ადრე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ერთ-ერთმა ევროკომისარმა „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონზე საუბრისას იგი თითქოსდა დააშინა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის რობერტ ფიკოს მაგალითით, რომლის მოკვლაც სცადეს.
ევროკომისარმა სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეიმ დაადასტურა, რომ კობახიძეს ესაუბრა. თუმცა, ვარჰეის თქმით, მისი სიტყვები სრულიად ამოღებულია კონტექსტიდან და დამახინჯებულია.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.