ევრობასკეტის მეოთხედფინალში გასვლისთვის ნაკრებს ბიუჯეტიდან ₾3 მილიონი გამოუყვეს

ევრობასკეტის მეოთხედფინალში გასვლისთვის ნაკრებს საქართველოს ბიუჯეტიდან 3 მილიონი ლარი გამოუყვეს, ხოლო ჩემპიონატზე ყოველი მომდევნო გამარჯვებისათვის სამ-სამ მილიონ ლარს დაჰპირდნენ.
ეს გადაწყვეტილება მთავრობის სხდომაზე გამოაცხადა ირაკლი კობახიძემ. 8 სექტემბერს გამართულ სხდომაზე მან განაცხადა:
„გამომდინარე იქიდან, რომ გვაქვს ისტორიული შედეგი, გვინდა ეს შედეგი აღვნიშნოთ შესაბამისი ფულადი პრემიითაც“.
· გუშინ, 7 სექტემბერს, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევრობასკეტის მერვედფინალში ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი, საფრანგეთის ნაკრები დაამარცხა ანგარიშის 80:70.
· ამ გამარჯვებით ნაკრებმა პირველმად მოახერხა ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში გასვლა.
„ვფიქრობთ, რომ 3 მილიონი ლარი გამოიყოს უკვე მიღწეული წარმატებისთვის და უკვე ყოველი შემდეგი მოგებული თამაშისთვის ევრობასკეტზე ასევე დავაწესებთ სამ მილიონ ლარს“, – თქვა კობახიძემ.
მომდევნო მატჩი ჩატარდება 10 სექტემბერს ფინეთის ნაკრების წინააღმდეგ.
· 2024 წლის აპრილში, როდესაც საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ისტორიაში პირველად გავიდა ევროპის ჩემპიონატზე, ბიძინა ივანიშვილის ფონდმა „ქართუმ“ გაავრცელა განცხადება, რომლითაც ნაკრებს 30 მილიონ ლარს დაჰპირდა ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში.
· 4 ივლისს განცხადება გაავრცელა ეროვნულმა ნაკრებმა, რომელშიც ეწერა, რომ ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე წარმატებით ასპარეზობისა და მერვედფინალში გასვლის აღსანიშნავად, ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ „ქართუსგან“, ჯილდოს სახით, 30 მილიონი ლარი გამოიყო, რაც, მათივე თქმით, ნაკრების წევრებმა პრემიის სახით უკვე მიიღეს.
· ქვეჯგუფიდან გასვლის შემდეგ, ყოველი შემდეგი მატჩის მოგებისთვის ფონდი ქართუ ეროვნულ ნაკრებს დამატებით 30 მილიონ ლარს ჰპირდებოდა. საქართველო მერვედფინალიდან გამოეთიშა ჩემპიონატს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა