დუბლინში მასობრივი არეულობა მოჰყვა ბავშვებზე შეიარაღებულ თავდასხმას

ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში დილამდე გაგრძელდა მასობრივი არეულობა, რომელიც მოჰყვა თავდასხმას რამდენიმე ადამიანზე, მათ შორის ბავშვებზე. 23 ნოემბერს, დუბლინის ცენტრში, ერთ-ერთი დაწყებითი სკოლის მახლობლად, დანით შეიარაღებულმა კაცმა დაჭრა 5 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი და მათი აღმზრდელი ქალი. ერთ-ერთი ბავშვის მდგომარეობა მძიმეა.
თავდამსხმელი გამვლელებმა დააკავეს. მის ვინაობას და დანაშაულის მოტივს პოლიცია ჯერჯერობით არ ასახელებს.
მას შემდეგ, რაც სოციალური ქსელებით გავრცელდა ცნობები, რომ თავდამსხმელი სავარაუდოდ, ალჟირელია, დუბლინის ცენტრში დაიწყო მიგრანტების წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქცია, რომელიც მასობრივ არეულობაში გადაიზარდა.
აქციის რამდენიმე ასეული მონაწილე, რომლებიც მიგრანტების საწინააღმდეგო ლოზუნგებს სკანდირებდნენ, პოლიციელებს დაუპირისპირდნენ და ავტობუსები და მსუბუქი ავტომანქანები დაწვეს. მასობრივი არეულობების გამო საჭირო გახდა სამართალდამცავების დამატებითი ძალების მობილიზაცია.
დღეს დილით, დუბლინის პოლიციამ განაცხადა ქალაქის ცენტრში წესრიგი აღდგენილია. სამართალდამცავების ცნობით, მასობრივი არეულობები მემარჯვენე ექსტრემისტების მიერ იყო ორგანიზებული.

ასევე დაგაინტერესებთ