დრონების საქმე და დაპატიმრებები რუსეთში: იღებდნენ სახელმწიფო ფულს და არმიას ჩინურ დრონებს რუსულად ასაღებდნენ

რუსეთში დრონების მწარმოებლების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების ტალღა დაიწყო. მათ თაღლითობაში ან სახელმწიფო სახსრების მითვისებაში ადანაშაულებენ.

8 აგვისტოს მოსკოვის კუზმინსკის რაიონულმა სასამართლომ „დრონ სოლუშენსის“ ყოფილ და ამჟამინდელ დირექტორებს, ირაკლი
ხაზალიას და ვიაჩესლავ ბარბაროვს, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მათ ბრალი წაუყენეს მასშტაბურ თაღლითობაში – განსაკუთრებით დიდი თანხების მითვისებაში, რაც 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

28 აპრილს, „დრონ სოლუშენსის“ ერთ-ერთი მოწყობილობა, სახელწოდებით „აისტი“, ვლადიმირ პუტინს უჩვენეს. კომპანიის ვებსაიტზე მითითებული იყო, რომ დრონი განკუთვნილია მედიკამენტებისა და ტვირთის ძნელად მისადგომ ადგილებში მისატანად.

“აისტ-2-ის” ტიპის დრონით სამედიცინო მარაგების პირველი მიწოდების შესახებ სახალინის გუბერნატორმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

ავიაკომპანია „ავრორა ბასის“ (რომელმაც მოაწყო ფრენის ორგანიზება) დირექტორმა, დმიტრი ტრეტიაკოვმა ბარბაროვისა და ხაზალიას დაპატიმრების შემდეგ დაწერა: „ჩვენთან უპილოტო ავიაციით დაკავებულია ისეთი ხალხი, რომლებიც სრულიად შორს არიან ავიაციისგან და მთავარი პრობლემა – უსაზღვრო არაპროფესიონალიზმი, ტყუილი და თაღლითობაა იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც ამ სფეროსთვის არიან პასუხისმგებელი“.

უფრო ადრე, 2026 წლის ივლისის ბოლოს, ასევე დააკავეს ვალერი კუსტოვი, კოსპანია „ეფკოს“ მთავარი აქციონერი და მილიარდერი, რომელიც Forbes-ის რუსულ სიაში 144-ე ადგილზეა: კუსტოვი უფრო ცნობილია, როგორც კიდევ ერთი ბიზნესის მფლობელი: „ეფკო“ რუსეთში მაიონეზისა და მცენარეული ზეთის ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელია.

ამ ჯგუფის საწარმოები ადრე ბელგოროდისა და ვორონეჟის რეგიონებში იყო განლაგებული, მაგრამ ისინი სხვაგან გადაიტანეს მას შემდეგ, რაც ქარხნებს უკრაინის შეიარაღებული ძალების დრონებმა რამდენჯერმე დაარტყა.

„ეფკო“ ასევე ტამანის პორტში საკვები ტვირთის გადაზიდვითაც გამოიმუშავებდა ფულს: უკრაინული დრონების თავდასხმების შემდეგ მისმა ტერმინალმაც შეაჩერა მუშაობა.

კუსტოვის წინააღმდეგ საქმე დაკავშირებულია იმასთან, რომ 2021 წელს „ეფკომ“ შექმნა კომპანია „მომავლის ტრანსპორტი“ და განაცხადა, რომ შეიმუშავებდა სასოფლო-სამეურნეო და სატრანსპორტო დრონებს. ეს დრონები ფრონტის ხაზზე გამოიყენებოდა უკრაინასთან ომის დროს, ტვირთის 10 კმ-მდე მანძილზე გადასატანად ან ყუმბარების ჩამოსაყრელად.

2023 წლიდან „მომავლის ტრანსპორტი“ დრონებს სამარის ოლქის ტოლიატის ქარხანაში აწყობს. ქარხანაში პუტინიც კი მიიყვანეს. თუმცა, Z-ბლოგერები, რომლებსაც ურთიერთობა ჰქონდათ რუს სამხედროებთან, ხშირად აკრიტიკებდნენ ამ დრონებს და განსაკუთრებით აღნიშნავდნენ იმას, რომ ისინი საბრძოლო მოქმედების პირობებში არის „უვარგისი – არ მუშაობს“.

ივნისში, პუტინთან შეხვედრისას, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, ანდრეი ბელოუსოვმა დრონს „არც ისე ხარისხიანი პროდუქტი“ უწოდა.

2026 წლის მაისში დააკავეს კომპანია „მომავლის ტრანსპორტის“ უფროსი, იური კოზარენკო, რომელიც პუტინს უჩვენებდა, თუ როგორ აწყობდნენ დრონებს “ტოლიატის” ქარხანაში.

შემდეგ დააკავეს კუსტოვიც: მას ოფიციალურად ბრალი წაუყენეს უპილოტო სისტემების შემუშავების ეროვნული პროექტისთვის გამოყოფილი ბიუჯეტის თანხების მითვისებაში.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულები ითვისებდნენ მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს მიერ დრონების განვითარებისა და წარმოებისთვის გამოყოფილ სუბსიდიებს: საკუთარი დრონების წარმოებისა და განვითარების ნაცვლად, ისინი მზა დრონებს ჩინეთში ყიდულობდნენ და მათ საკუთარ პროდუქტად ასაღებდნენ.

Telegram-ის არხები იუწყებოდნენ, რომ კოზარენკოს კომპანიამ ჩინეთიდან შეძენილ და რუსეთის სამხედროებისთვის მიყიდულ თითოეულ დრონზე დაახლოებით 83 ათასი აშშ დოლარი გამოიმუშავა: დრონებს ჩინეთში 1,2 მილიონ რუბლად ყიდულობდნენ, ხოლო რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 8 მილიონად აძლევდნენ. გამოძიებამ სახელმწიფოსთვის მიყენებული მთლიანი ზიანი 8,6 მილიარდ რუბლად, ანუ 105 მილიონ აშშ დოლარად შეაფასა.

რატომ დაიწყო რუსეთმა დრონების შემქმნელების „წმენდა“? და უნდა ველოდოთ თუ არა, რომ სისხლის სამართლის პირველი საქმეების შემდეგ, ამ დარგში თაღლითობა და ძარცვა იმდენად მასშტაბური აღარ იქნება?

„ნასტოიაშჩეე ვრემია“ ამის შესახებ ესაუბრა ივან ფილიპოვს, Telegram-ის არხის „დასავლეთის ფრონტზე ყველაფერი უცვლელადაა“ ავტორს.

არხი იკვლევს რუსეთის ომის მომხრე ბლოგებს და უკრაინაში მებრძოლი რუსული არმიის მომარაგებისა და მის წინაშე არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაციას.

ვრცლად

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)