დონალდ ტუსკის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა პირობა დადო, რომ დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრამდე ევროპელ პარტნიორებთან კონსულტაციებს გამართავენ

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა პირობა დადო, რომ დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრამდე ევროპელ პარტნიორებთან კონსულტაციებს გამართავენ, – ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
ტუსკმა განმარტა, რომ ტრამპი-პუტინის შეხვედრასთან დაკავშირებით „ბევრი შიში და იმედი აქვს“ და ამ კონტექსტში აღნიშნა ტრამპის „არაპროგნოზირებადობის ტაქტიკა, როდესაც საქმე სხვადასხვა ნაბიჯსა და მოქმედებას ეხება“.
ტუსკის თქმით, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების მნიშვნელობა არა მხოლოდ მის მიმართ სოლიდარობის, არამედ ევროპის უსაფრთხოების საკითხიცაა.
„პოლონეთისთვის და ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის ნათელი უნდა იყოს, რომ საზღვრების შეცვლა ძალის გამოყენებით შეუძლებელია და რუსეთს არ უნდა მიეცეს უკრაინაში შეჭრით სარგებლის მიღების უფლება. დასავლეთი, მათ შორის ევროპული ქვეყნები, არ მიიღებს რუსეთის მოთხოვნებს, რომლებიც უბრალოდ უკრაინის ტერიტორიის მიტაცებას უდრის“, – აღნიშნა ტუსკმა.
მისი თქმით, რუსეთს არ უნდა გაუჩნდეს იდეა, რომ მას დაუსჯელად შეუძლია საფრთხე შეუქმნას სხვა ქვეყნების საზღვრებს.
პოლონეთის პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ არ შეიძლება გადაწყვეტილების მიღება უკრაინის შესახებ უკრაინის გარეშე.
„ისტორიიდან ვიცით – და პოლონეთი ხშირად იყო ამის მსხვერპლი – რომ როდესაც დიდი სახელმწიფოები სხვა ქვეყნების შესახებ გადაწყვეტილებებს იღებდნენ მოლაპარაკებებში ამ ქვეყნების მონაწილეობის გარეშე, შედეგები მძიმე იყო“, – აღნიშნა ტუსკმა.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კახიშვილი: პენსია ადამიანს თვის დაახლოებით 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს. 6 ან 7 დღეს 30 დღიდან. და ეს იმ გაანგარიშებით, რომელშიც ბინის ქირა საერთოდ არ შედის. დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?

არასამთავრობოების განცხადება: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან დაუყოვნებლივ, ეფექტიან და სრულყოფილ რეაგირებას რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის, და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე