გაერთიანებულ სამეფოში 2009 წლიდან დაბადებულ ადამიანებს სიგარეტის ყიდვა სამუდამოდ აეკრძალებათ. შეზღუდვა ასევე გავრცელდება ელექტრონულ სიგარეტებსა და ნიკოტინის შემცველ სხვა პროდუქციაზეც.
გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის ორივე პალატამ, როგორც ლორდთა, ასევე თემთა პალატამ მიიღო კანონი, რომლის მიხედვით, 2009 წლის 1-ელი იანვრიდან დაბადებული ადამიანებისთვის თამბაქოს მიყიდვა უკანონო ხდება.
ასევე, კანონის მიხედვით, ელექტრონული სიგარეტის მოწევა აიკრძალება ბავშვების სათამაშო მოედნებზე, სკოლებთან, საავადმყოფოებში და მანქანაში, სადაც ბავშვი ზის.
გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის მინისტრმა ამ კანონის მიღებას ისტორიული მომენტი უწოდა და თქვა, რომ ეს რეფორმა გადაარჩენს სიცოცხლეებს, ჯანდაცვის სისტემაზე დატვირთვას შეამცირებს და “უფრო ჯანსაღ ბრიტანეთს ააშენებს”.
კანონპროექტის ძალაში შესვლამდე გაერთიანებული სამეფოს მეფის, ჩარლზ მესამის ხელმოწერაა დარჩენილი.