მივესალმებით შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის პრეზიდენტ ტრამპის ძლიერი ხელმძღვანელობით და შუამავალი ქვეყნების მხარდაჭერით მიღწეული შეთანხმების გამოცხადებას, – ამის შესახებ „დიდი შვიდეულის“ ლიდერების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.
ლიდერები ხაზს უსვამენ, რომ შეთანხმება იძლევა ისტორიულ შესაძლებლობას, ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნა აღიკვეთოს და მის რეგიონულ და ბალისტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული საფრთხეები მოგვარდეს.
„მხარს ვუჭერთ და მზად ვართ წვლილი შევიტანოთ მის განხორციელებაში. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ სატრანზიტო გადაადგილების უფლება შეზღუდვებისა და გადასახადების გარეშე საერთაშორისო ვაჭრობის საფუძველია. ვეთანხმებით, რომ საფრანგეთისა და გაერთიანებული სამეფოს ხელმძღვანელობით მრავალეროვნულ, დამოუკიდებელ და თავდაცვით ინიციატივას შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ჰორმუზის სრუტეში საზღვაო მიმოსვლის აღდგენის ხელშეწყობაში“,- აღნიშნულია განცხადებაში.
„დიდი შვიდეულის“ ლიდერების განცხადებით, მტკიცედ უჭერენ მხარს პრეზიდენტ ტრამპის მიერ უზრუნველყოფილი ურთიერთგაგების მემორანდუმის მტკიცე და ყოვლისმომცველ დიპლომატიურ შეთანხმებას, რომელიც რეგიონში ყველასთვის მშვიდობისა და უსაფრთხოების მომტანი იქნება.
„ხაზს ვუსვამთ ამ მიზნით მოლაპარაკებების აუცილებლობას, რათა გადაიჭრას ირანის მიერ რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ წარმოქმნილი საფრთხეები და უზრუნველყოფილი იყოს, რომ მათ არასდროს ჰქონდეთ ბირთვული იარაღი“, – აღნიშნულია განცხადებაში.
„დიდი შვიდეულის“ ლიდერები მიიჩნევენ, რომ ასეთი მოლაპარაკებები სასარგებლო იქნება შესაბამისი რეგიონული და საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) წვლილის შეტანით.
„კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ირანს ბირთვული იარაღი არასდროს ექნება“, – აღნიშნულია განცხადებაში.




