ქვეყანა სტაბილურად მძიმე ვითარებაშია. ხელისუფლება უკვე დიდი ხანია შეუქცევადად დაადგა საკუთარი თავის და ქვეყნის ჩიხში შეყვანის გზას, – ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა.
დავით უსუფაშვილის თქმით, „ქართულ ოცნებას“ არსებული ვითარებიდან გამოსავალი არ აქვს და ქვეყანას მხოლოდ პრობლემებს უქმნის.
„სახელმწიფოებრივი და პოლიტიკური ცხოვრება დაახლოებით ისეთ მდგომარეობაშია, როგორც ავადმყოფზე იტყვიან ხოლმე, როდესაც რეანიმაციულ განყოფილებაშია. სამწუხაროდ, ხელისუფლება უკვე დიდი ხანია შეუქცევადად დაადგა საკუთარი თავის და ქვეყნის ჩიხში შეყვანის გზას. ადრე თუ გვიან ხალხს ექნება ამ ჩიხიდან გამოსავალი, „ქართულ ოცნებას“ აქედან გამოსავალი არ აქვს. მოვლენათა განვითარების ეს სცენარი როგორმე უნდა დავასრულოთ, მაგრამ, სამწუხაროდ, „ოცნებამ“ მოისპო ეს გზა და გამოსავალს ვერ ნახულობს, ქვეყანას მხოლოდ პრობლემას უქმნის”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
დავით უსუფაშვილის თქმით, საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები სრულიად ფსკერზეა დაცემული და „ერთი-ორი შეხვედრა ზარ-ზეიმად“ მიაჩნიათ.
„მექმნება სრულიად დასაბუთებული განცდა იმის შესახებ, რომ „ოცნების“ ხელისუფლების ვიწრო წრეში, სადაც გადაწყვეტილებები მწიფდება, ასე მსჯელობენ: „ტრამპი ხომ ევროკავშირთან კონფრონტაციაშია, ნატო-სთან ურთიერთობები დაძაბულია, ეს ის ვითარებაა, როცა ჩვენ თუ კიდევ უფრო ანტიევროპულები გავხდებით, ამით მას „მესიჯს” გავუგზავნით, რომ აი, ჩვენც წინააღმდეგი ვართ ასეთი ევროპის“. ამ დონის მსჯელობა არ არის გამორიცხული მათი მხრიდან, როდესაც გამოსავლის ძებნის ნაცვლად მეტად და მეტად ძაბავენ ურთიერთობას ბავშვური გათვლებით, რომ იქნება ტრამპს ამით მაინც მოაწონონ თავი.
აშშ-სთან ურთიერთობას რაც შეეხება, მოდით, ამავე ხელისუფლების პირველი წლები გავიხსენოთ, რა სტანდარტზე და რა სიმაღლეზე იყო ურთიერთობა და სადამდე დაეცა. ახლა სრულად ფსკერზე დაცემული ურთიერთობების ფონზე, რაღაც დონეზე გამართული ერთი-ორი შეხვედრა უკვე დიდი ზარ-ზეიმად მიაჩნიათ. პირველი ოთხი წლის განმავლობაში ურთიერთობები იყო უმაღლეს დონეზე. მე პირადად, წელიწადში ორჯერ მაინც ჩავდიოდი ვაშინგტონში და ვხვდებოდი პარლამენტის ქვედა პალატის სპიკერს, ქალბატონ ნენსი პელოსს, ხოლო ახლა დერეფანში რომელიმე კონგრესმენს გადაეყრებიან, სურათს გადაიღებენ და ამბობენ: „აი, ხომ დათბა ურთიერთობაო“. დათბა კი არა, სამწუხაროდ, აშშ უყურებს და ხედავს, საქართველო არის გაეროში 200-ზე მეტ ქვეყანას შორის ერთ-ერთი, რომელთაგან ერთი-ორი ქვეყნის გარდა ყველასთან აქვს ურთიერთობა. ვინ შეიძლება დაიჯეროს, რომ ურთიერთობა დათბა და გათბა?”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
რაც შეეხება ევროპასთან ურთიერთობას, დავით უსუფაშვილის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ევროპაზე უარის თქმა დაიწყო 2024 წლის არჩევნების პროცესში, ხოლო ახლა ხდება ამ ეტაპის გაღრმავება, გამწვავება.
“„ოცნება“ ისე ლაპარაკობს, თითქოს საკითხი ასე დგას – ვისი აჯობებს. ამბობენ: „ჩვენ რომ წარმოგვიდგენია, ისეთი რომ გახდება ევროპა, მაშინ მასთან ურთიერთობას გავაგრძელებ“. თურმე საქართველოს აქვს თავისუფლების, სამართლიანობის, უსაფრთხოების, კეთილდღეობის, მშვიდობის სტანდარტები, ეს საქართველოს უჭირავს ხელში და „დიდმა ბრიტანეთმა დემოკრატია ჩამოშალა“, „გერმანია სადაცაა წაიქცევა და ფეხზე ვეღარ დადგება“.
ჩვენი ხელისუფლება ამბობს: „ჩვენ ყველაზე არაკომფორტულად ვგრძნობთ თავს ევროპელ კოლეგებთან ურთიერთობისას, ევროპელ ინსტიტუტებთან ურთიერთობისას, ისინი არიან საქართველოს მტრები, ნახევარი საქართველო გაააგენტეს და საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ ამუშავებენ, ევროპა არის მტერიო, სადაც წვიმს, არის სეტყვა და უნდა განერიდო“.
„ქართულმა ოცნებამ“ ევროპაზე უარის თქმა დაიწყო 2024 წლის არჩევნების პროცესში და შემდგომ ღიად განაცხადეს, რომ აჩერებენ. ახლა არის ამ ეტაპის გაღრმავება, გამწვავება“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
გარდა ამისა, დავით უსუფაშვილმა გადაცემაში ოპოზიციაში არსებული ვითარების შეფასებისას აღნიშნა, რომ არ უჭირს მოვლენების „მოქალაქის პოზიციიდან“ შეფასება, რადგან დიდი ხანია გააკეთა არჩევანი და „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის პოზიციიდან ნელ-ნელა გადადის აქტიური მხარდამჭერის, ამომრჩევლის, წევრის პოზიციაზე.
„იმისთვის, რომ მოქალაქის პოზიციიდან შევხედო და შევაფასო [ოპოზიცია], მე არ მჭირდება მოდელირება და ჰიპოტეტური წარმოდგენა იმიტომ, რომ მე დიდი ხანია გავაკეთე ჩემი არჩევანი, ვარ „ლელოს“ წევრი, მხარდამჭერი, ამომრჩეველი, მაგრამ „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის პოზიციიდან მე ნელ-ნელა გადავდივარ და გადასული ვარ „ლელოს“ აქტიური მხარდაჭერის, ამომრჩევლის, წევრის პოზიციაზე. დაკავებული ვარ იმით, რომ რაც შეიძლება მეტი ვარგო იმ პარტიას, რომელიც მგონია, რომ ყველაზე უკეთესია“,- აღნიშნა უსუფაშვილმა.
კითხვაზე, აღნიშნული განცხადება ხომ არ ნიშნავს რომ პოლიტიკიდან მიდის, პასუხობს:
„მე არ მესმის პოლიტიკიდან წასვლა. ვინ არ არის პოლიტიკაში? მე ვარ იურისტი და ვარ პოლიტიკოსი, აქ ვიქნები და არანაირ წასვლას არასად არ ვაპირებ. პირიქით, აქტიურობას ვაპირებ, მაგრამ მაგალითად ბოლო საპარლამენტო არჩევნებში როგორც კანდიდატს მონაწილეობა არ მიმიღია. კი, იგივე პოზიცია მექნება შემდეგ არჩევნებთან მიმართებაშიც. მოსვლა თუ შეგიძლია, წასვლაც უნდა შეგეძლოს, სტუმარსაც, პროფესიონალსაც. მე ვიქნები უფრო აქტიური, მაგრამ მე ახლა არ ვეუბნები მოქალაქეებს, რომ მომეცით ხმა“.




