პრინცმა უილიამმა, მეუღლე ქეითთან და ბრიტანული სპორტის წამყვან მოღვაწეებთან ერთად, ხუთშაბათს, 10 სექტემბერს, ახალი ინიციატივა წამოიწყო, რომელიც მიზნად ისახავს სპორტის სექტორის როლის გაზრდას სუიციდის პრევენციაში.ფსიქიკური ჯანმრთელობისა და სუიციდის პრევენციის საკითხები ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. გასულ ოქტომბერს მან ძლივს შეიკავა ცრემლები, როდესაც თვითმკვლელობის გავლენას განიხილავდა ქალთან, რომლის ქმარმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.„სპორტს აქვს უნარი, მისწვდეს ადამიანებს, რომლებიც შესაძლოა არასდროს მივიდნენ ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებაში“, — განაცხადა უილიამმა საფეხბურთო კლუბ Everton-ის სტადიონზე სუიციდის პრევენციის მსოფლიო დღეს.კამპანიას მხარს უჭერენ ინგლისის ნაკრების კაპიტანი ჰარი კეინი, ყოფილი თავდამსხმელი ალან შირერი, ოლიმპიური ოქროს მედლის მფლობელი კელი ჰოლმსი, ასევე, ველოსპორტში ჩემპიონი ცოლ-ქმარი, ჯეისონ და ლორა კენიები.ეს უილიამის ყველაზე გამოსაჩენი გამოსვლა იყო მას შემდეგ, რაც მისმა ძმამ, პრინცმა ჰარიმ, თავის ცოლსა და შვილებთან ერთად, გასულ თვეს ბრიტანეთში საცხოვრებლად დაბრუნება გადაწყვიტა.ძმები, რომელთაც ურთიერთობა მას შემდეგ გაუფუჭდათ, რაც ჰარი ექვსი წლის წინ შეერთებულ შტატებში გადავიდა საცხოვრებლად და საჯაროდ აკრიტიკებდა სამეფო ოჯახს თავის ინტერვიუებსა და მემუარებში, წარსულში ერთობლივად ეწეოდნენ კამპანიას ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით.უილიამმა თვითმკვლელობა საზოგადოების ერთ-ერთ უდიდეს გამოწვევად შეაფასა და განაცხადა, რომ მისი პრევენცია თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობაა.„ჩვენ გვსურს, წამოვიწყოთ მოძრაობა სპორტის სფეროში“, — განაცხადა მან. „მოვუწოდებთ ყველას, აიღონ ვალდებულება ისეთი გარემოს შესაქმნელად, სადაც ადამიანები ღიად საუბარს შეძლებენ, სადაც დახმარების თხოვნა სიძლიერის ნიშნად ჩაითვლება და სადაც მხარდაჭერა ყოველთვის ხელმისაწვდომი იქნება“.ინიციატივა, სახელწოდებით „შენს გვერდით“ (On Your Side), შემუშავებულია უილიამისა და ქეითის მიერ დაფუძნებული საქველმოქმედო ორგანიზაციის — Royal Foundation-ის (სამეფო ფონდი) მიერ. იგი მიზნად ისახავს, დაეხმაროს სპორტის სფეროში ჩართულ ადამიანებს გამაფრთხილებელი ნიშნების ამოცნობაში და მხარი დაუჭიროს მათ, ვინც იტანჯება, სანამ მისი მდგომარეობა კრიზისულ წერტილს მიაღწევს.კენსინგტონის სასახლეში უილიამის ოფისმა განაცხადა, რომ ინიციატივის სახელმძღვანელო ინსტრუმენტების გამოყენება შეეძლებათ ორგანიზაციებს, დაწყებული მოყვარულთა კლუბებიდან, დამთავრებული ელიტური სპორტული გაერთიანებებით.სასახლის ცნობით, ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია, პრემიერლიგა და ბრიტანეთის ველოსპორტის ფედერაცია აპირებენ, რომ აღნიშნული ინსტრუმენტები თავიანთ პოლიტიკასა და პრაქტიკაში დანერგონ.
