ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დაჭრილ-დაშავებული სამხედროების მხარდასაჭერად საქველმოქმედო მარათონი გაიმართა

დაჭრილ-დაშავებული სამხედროების მხარდასაჭერად საქველმოქმედო მარათონი გაიმართა

ლისის ტბაზე, დაჭრილ-დაშავებული სამხედროების მხარდასაჭერად, საქველმოქმედო მარათონი გაიმართა. გარბენში მონაწილეობა მიიღეს თავდაცვის უწყების სამხედრო და სამოქალაქო პირებმა, დაჭრილ-დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურეებმა, დიპლომატიური კორპუსისა და მოხალისე ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. მარათონს, ასევე შეუერთდნენ სამხედროების ოჯახის წევრები და რიგითი მოქალაქეები.
მარათონის სტარტის აღებამდე, თავდაცვის ძალების ბენდმა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულა. ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, პაატა პატიაშვილი და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ირაკლი ჭიჭინაძე დაესწრნენ. თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ ღონისძიების მონაწილეებსა და ორგანიზატორებს სიტყვით მიმართა და დაჭრილ-დაშავებული სამხედროების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
საქველმოქმედო გარბენის მონაწილეებმა სხვადასხვა სირთულის 3, 5 და 13 კილომეტრიანი დისტანცია დაფარეს. მარათონის გამარჯვებულებს ჯილდოები და სერტიფიკატები გადაეცათ. სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდნენ გარბენში მონაწილე დაჭრილ-დაშავებული სამხედროები.
საქველმოქმედო მარათონის პარალელურად, ლისის ტბის ტერიტორიაზე თავდაცვის მოხალისე ორგანიზაციებს შორის შიდა შეჯიბრი ჩატარდა. გარდამავალი თასი “გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის” წარმომადგენლებმა მოიპოვეს.
საქველმოქმედო ღონისძიება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, სამხედრო ატაშეთა ასოციაციისა და დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის ინიციატივით ყოველწლიურად ტარდება. საქველმოქმედო მარათონის შედეგად შეგროვებული თანხა სრულად გადაირიცხება დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდში.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.