ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დაღესტანში თავდამსხმელებმა ეკლესიისა და სინაგოგის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთში, დაღესტნის ორ ქალაქში, მაჰაჩყალასა და დერბენტში, შეიარაღებული პირები ორ მართლმადიდებლურ ეკლესიას, სინაგოგასა და საპოლიციო პუნქტს დაესხნენ თავს.
გამოცემა РИА Новости-ის წინასწარი ცნობებით, თავდასხმის შედეგად დერბენტში რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სასულიერო პირი და ექვსი პოლიციელია მოკლული, ხოლო ასევე დაჭრილია 12 ადამიანი. აღნიშნულ ინფორმაციას დაღესტნის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ამასთანავე, დერბენტში მდებარე ეკლესია და სინაგოგა, რომელსაც უცნობი პირები დაესხნენ თავს, სრულად დაიწვა. მანამდე, Telegram-ის არხებზე გავრცელებულ ვიდეოებში დერბენტის სინაგოგაში გაჩენილი ხანძრის კადრები ჩანდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თქმით, მაჰაჩყალასა და დერბენტში მომხდარ თავდასხმებში მონაწილე ორი შეიარაღებული პირი ლიკვიდირებულია. Telegram-ზე ასევე ვრცელდება ვიდეოები, რომლებშიც სავარაუდოდ თავდამსხმელების ლიკვიდირების კადრებია ასახული.
რუსული სამთავრობო მედია TASS-ის ინფორმაციით, სპეცოპერაცია ამ დრომდე არ არის დასრულებული. ჯერჯერობით შეტაკებები მიმდინარეობს მაჰაჩყალის ორჯონიკიძის ქუჩის მიმდებარედ. TASS ასევე წერს, რომ დაღესტანში ამ დროისთვის ამოქმედებულია კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.