„დაკისრებული თანხის მყისიერად გადახდა ადასტურებს, რომ მათ თავიდანვე იცოდნენ, რომ სახელმწიფო მართალი იყო და მათთვის ხელი არ შეუშლია“ – იუსტიციის მინისტრის მოადგილე

„დაკისრებული თანხის მყისიერად გადახდა ადასტურებს, რომ მათ თავიდანვე იცოდნენ, რომ სახელმწიფო მართალი იყო და მათთვის ხელი არ შეუშლია“ – იუსტიციის მინისტრის მოადგილე
იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა ვაშინგტონის არბიტრაჟის მიერ ხაზარაძე-ჯაფარიძის პარტნიორისთვის დაკისრებული თანხის გადახდის საკითხზე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ თანხა ბიუჯეტში უკვე ასახულია. მისი თქმით, გადახდის მყისიერად განხორციელება ნათლად აჩვენებს, რომ მათ თავიდანვე იცოდნენ, რომ ანაკლიის პროექტის ვერგანხორციელება სახელმწიფოს ბრალი არ იყო.
„დაკისრებული თანხის გადახდა ადასტურებს, რომ ეთანხმებიან არბიტრაჟის გადაწყვეტილებას, ანუ იმას, რომ მთლიანად ანაკლიის პროექტის ვერგანხორციელება იყო მათი ბრალეულობა და სახელმწიფოს მათთვის ხელი არ შეუშლია. როდესაც ადამიანმა იცის, რომ მართალია, ის, რა თქმა უნდა, ყველა სამართლებრივ მექანიზმს იყენებს; ის აუცილებლად გაასაჩივრებდა და ბოლომდე შეეცდებოდა საკუთარი სიმართლის დაცვას, მაგრამ მყისიერად ამ გადაწყვეტილების შესრულება ადასტურებს, რომ მათ თავიდანვე იცოდნენ, რომ ამ საქმეში სახელმწიფო იყო მართალი; უბრალოდ, გარკვეული პოლიტიკური დივიდენდების მიღების მიზნით გამოიყენეს ეს საქმეები; ორ სხვადასხვა არბიტრაჟში შეიტანეს საქმე და ესეც ნიშანდობლივია, რომ გასულ წელს, როდესაც პარიზის არბიტრაჟმა მიიღო ანაკლიის კონსორციუმის წინააღმდეგ გადაწყვეტილება, მაშინაც არ გაასაჩივრეს ეს გადაწყვეტილება და ერთობლიობაში ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ მათ ეს საქმეები სჭირდებოდათ პოლიტიკური ნიშნით,“ – განაცხადა ბექა ძამაშვილმა.
მინისტრის მოადგილის თქმით, სახელმწიფოს მხრიდან ყველა ნაბიჯი იყო მიმართული ხარჯების დაზოგვისკენ, თუმცა მეორე მხარე მიზანმიმართულად ცდილობდა სახელმწიფოსთვის ფინანსური ზარალის მიყენებას.
„ბუნებრივია, როდესაც სახელმწიფოს ედავები 4 მილიარდზე მეტი ზიანის ანაზღაურებას, სახელმწიფო ვალდებულია, თავი დაიცვას და ამისთვის შესაბამისი ხარჯები გასწიოს. ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ ის რამდენიმე ათეული მილიონი, რომელიც სახელმწიფოს დასჭირდა ამ დავის საწარმოებლად, მათ კისერზეა, რადგან ჩვენ დავის პროცესში ბევრი შეთავაზება გავუკეთეთ, რათა ეს ხარჯები ყველასთვის დაზოგილი ყოფილიყო. შევთავაზეთ, რომ მხოლოდ ერთ არბიტრაჟში წარმოებულიყო დავა, მაგრამ მათ უნდოდათ პარალელურად ამ დავების წარმოება და ესეც ძალიან მკაფიოა, რა იყო მათი მიზანი – მაქსიმალური ზიანი მიეყენებინათ სახელმწიფოსთვის. თითქოს ახლა, როდესაც ყველაფერი წააგეს, ისღა დარჩენიათ, რომ მიუთითონ ნიშნის მოგებით – აი, რაღაც თანხა ხომ მაინც დაგახარჯინეთ ბიუჯეტიდან. ერთობლიობაში, რადგან მათ ეს ორი დავა ვაშინგტონის და პარიზის არბიტრაჟში პარალელურად დაიწყეს, მთლიანი ხარჯი, 63 მილიონი ლარის ოდენობის ზარალი მიაყენეს მათ სახელმწიფო ბიუჯეტს”. – განაცხადა ბექა ძამაშვილმა.
Next: ბოლნისის მერობის კანდიდატი “ქართული ოცნებიდან”, ზამურ ჭითანავა, ნახიდურში, ხიდიდყურსა და მუხრანაში მოსახლეობას შეხვდა

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჩვენთვის ფასი აქვს მხოლოდ ისეთ შეფასებებს, რომლებიც ობიექტურ სინამდვილეს ეფუძნება, ევროკავშირის ანგარიში ეფუძნება კონკრეტულ პოლიტიკურ ინტერესებს – რომ უცხოურ აგენტურას, მიუხედავად მცირე რიცხოვნობისა, უნდა შეეცვალა ხელისუფლება, ამას ვერ მიაღწიეს, რადგან მივიღეთ კანონები, რომლებიც ამას უპირისპირდებოდა

ირაკლი კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე – თუ შეგვიძლია, მათ შორის აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას შევუმსუბუქოთ მდგომარეობა, ამასაც გავაკეთებთ, ოღონდ – “ოკუპაციის შესახებ კანონის” ჩარჩოებში