დათო სიმონია: ამ მედიების დამფინანსებლები სიხარულით აგზავნიან შვილებს ევროპულ სასწავლებლებში და ცოლებს – ევროპულ სამშობიაროებში, შვილებმა იქაური მოქალაქეობა რომ მიიღონ

ილუსტრატორი დათო სიმონია:
გუშინწინ ევროკავშირმა მიიღო რეზოლუცია საქართველოს შესახებ, ანუ შეაჯამა ჩვენი ბოლოდროინდელი ამბები, შეაფასა ფაქტები და მათ მიხედვით დაგეგმა სტრატეგია. რეზოლუცია გამოცხადდა ყველაზე ნეგატიურ ანგარიშად, რომელიც ოდესმე მომზადებულა კანდიდატი ქვეყნის შესახებ. ამ შეფასების უკან დგას უვიზო მიმოსვლისა და იმ სიკეთეების გაქრობის რისკი, რომლითაც სარგებლობს ყველა – მაგალითად, უფასო მკურნალობისთვის ჩაბარებულები, შრომით ემიგრაციაში წასულები, მათი ოჯახები და ა.შ.
სამთავრობო მედიამ 17 გვერდიანი დოკუმენტიდან გაასაჯაროვა ფრაგმენტი, სადაც საუბარია სააკაშვილის გათავისუფლებაზე მკურნალობის მიზნით. ეგრე ეცადნენ რეზოლუციის დისკრედიტაციას. არაფერი თქმულა იქვე ნახსენებ ღარიბაშვილზე, რომლის სასამართლოც შეფასებულია, როგორც საეჭვო.
იგივე სამთავრობო მედიები სიხარულით აზიარებენ, როცა ევროპელი პოლიტიკოსები “ოცნების” წარმომადგენლებს თუნდაც ზრდილობისთვის ართმევენ ხელს; ამ მედიების დამფინანსებლები სიხარულით აგზავნიან შვილებს ევროპულ სასწავლებლებში და ცოლებს – ევროპულ სამშობიაროებში, შვილებმა იქაური მოქალაქეობა რომ მიიღონ. მაგრამ როცა საქმე ეხება ევროპის მხრიდან ხალხის მხარდაჭერას – დასავლეთი მხოლოდ ამ დროს არ ვარგა.
მნიშვნელოვანია, რომ რეზოლუციაში ნახსენებია ჭიათურაც: დამეწყრილი სოფლები, დაბიძურებული გარემო და დაპატიმრებული ადგილობრივები. ეგ ის ადგილობრივები არიან, რომლებთან შესაძლო დებატებსაც კობახიძემ ანომალია უწოდა.
დოკუმენტში მიმოხილულია რუსთაველის პროტესტი და ის შეფასებულია, როგორც ქართველთა ნების სიმტკიცე. ნახსენებია ჯარიმები, ტროტუარზე დგომისთვის დაკავებები, ქალების განსაკუთრებული შეურაცხყოფა პოლიციელებისგან, დაშინების რუსული ფორმები და ამ რეპრესიების მომწყობი ყველა რგოლი. ყველა ხილულია – ვინც ჩაგვრას ცდილობს და ვინც ამას ღირსეულად იტანს.
რუსთაველის აქციები რჩება სიგნალად დასავლეთისთვის, რომ საქართველოს სჭირდება მხარდაჭერა. ზემოთ ნახსენები სანქციები და “ოცნების” პოლიტიკური იზოლაცია ამ მხარდაჭერის ერთ-ერთი ფორმაა. წარმოიდგინეთ, რამდენად დამძიმდებოდა რეჟიმი, ეს დემონსტრაციები რომ არ ტარდებოდეს – ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები იქნებოდა უფრო სასტიკი, უხილავი და ყოვლისმომცველი. ახლა რეჟიმმა ის მაინც იცის, რომ ყველა უკანონობა დაუჯდება საერთაშორისოდ ძვირი და ამ ფასის გადახდას მას აიძულებს როგორც რუსთაველი, ისე – სხვა პროტესტები.
სხვა რომ არაფერი, თუნდაც ეს აზრი აქვს წინააღმდეგობას და ამიტომ სჭირდება გაძლიერება პროტესტს.