დათა თავაძე: მოაყენეს წყლის ჭავლი. დაგვასველეს. მერე გაზი გაუშვეს. მალე ვეღარაფერს ვხედავდი, მაგრამ ზურგს უკან ვიღაც ქალმა ხელი ჩამჭიდა, გვერდზე გამწია და თვითონ წინ გაიჭრა. „სად მიდის?“ – გავიფიქრე

რეჟისორი დათა თავაძე:
ნოემბრის აქციების დროს, როცა პირველი დარბევა დაიწყეს, პირველ სკოლასთან, ჭიჭინაძის ქუჩაზე ვიდექით რამდენიმე ადამიანი.
მოაყენეს წყლის ჭავლი.
დაგვასველეს.
მერე გაზი გაუშვეს.
მალე ვეღარაფერს ვხედავდი, მაგრამ ზურგს უკან ვიღაც ქალმა ხელი ჩამჭიდა, გვერდზე გამწია და თვითონ წინ გაიჭრა.
„სად მიდის?“ – გავიფიქრე.
რამდენიმე ადამიანი, მათ შორის მეც, ვცდილობდით შეგვეჩერებინა, მაგრამ ვერ მოვახერხეთ.
მხოლოდ ერთი რამ ვიცოდი:
ის ქალი იქიდან გამოსაყვანი იყო.
რაც მქონდა პირზე ავიფარე და ხელის ცეცებით წინ წავედი.
მერე დავინახე – უკვე გამოჰყავდათ.
ფეხზე ძლივს იდგა.
თავი რომ ასწია, ელენე ხოშტარია აღმოჩნდა.
ასე შევხვდით პირველად.
***
ელენე ერთადერთი პოლიტიკოსი იყო, ვინც შარშან, იმ განსაკუთრებით მძიმე დღეებში, დამიკავშირდა და მითხრა: „თუ რამეში შემიძლია დაგეხმარო, შენთან ვარ.“
და ეს უბრალოდ სიტყვები არ ყოფილა.
მართლა ცდილობდა დახმარებას.
ზუსტად იმავე შემართებით, იმავე სიჯიუტით და სიმამაცით, როგორითაც იმ დღეს წყლის ჭავლისა და გაზისკენ მიდიოდა.
დიდხანს ვუხსნიდი, რომ აზრი არ ჰქონდა. ვერაფერში დამეხმარებოდა.
მაგრამ სიმართლე ის არის, რომ უკვე ძალიან დამეხმარა – როცა გგონია, რომ მთელი სამყარო შენს წინააღმდეგაა, ერთი ადამიანის უკომპრომისო მხარდაჭერაც კი საკმარისია, რომ სიმძიმის ცენტრი შეიცვალოს.
მე ელენეს არ ვიცნობ.
მაგრამ ვიცი, რამდენად იშვიათია ასეთი გამბედაობა.
მახსოვს მისი ძლიერი ხელი, როცა გვერდზე გამწია და თვითონ წინ წავიდა.
მახსოვს მისი ხმა, როცა დამირეკა და მითხრა, რომ ჩემ გვერდითაა.
დღეს მინდა იგივე დავუბრუნო.
მინდა გავამხნევო და ვუთხრა:
შენთან ვარ. მარტო არ ხარ ამ უსამართლობის პირისპირ.
იმედი მაქვს მოვახერხებ მეც და თქვენც – ერთად.
თავისუფლება ელენე ხოშტარიას!

ასევე დაგაინტერესებთ

„ლელო-ძლიერი საქართველო“ – “ქართულ ოცნებას” მოუწევს გაიაზროს, რომ ოპოზიციონერი ქალი პოლიტიკოსის უკანონო პატიმრობის პირობებში სრული პასუხისმგებლობა ელენე ხოშტარიას სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე მათ ეკისრებათ

ნანუკა ჟორჟოლიანი – ჩემთვის და მიშასთვისაც იდეალური იქნებოდა თინა ბოკუჩავას თავჯდომარეობით „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჩემი ინტეგრაცია – ამ პარტიაში ჩემს თავს მენეჯერად განვიხილავ, იქნებ თავჯდომარე ასეთიც შეიძლება იყოს