დავით ჩხეიძე: დღეს შიო მესამე აირჩიეს კათოლიკოს-პატრიარქად. მე პირფერობა არ მჩვევია და არც საქმისთვის, “პოლიტიკისთვის”, მჭირდება

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, დავით ჩხეიძე: 
ჩემთვის, როგორც მართლმადიდებელი ქრისტეანისთვის, რწმენა სრულიად გამიჯნულია სახელმწიფოსგან.
თუ უპირატესობა უნდა მივანიჭო, სარწმუნოებას უფრო მაღალი ღირებულება და თვალსაწიერი აქვს.
რუსეთის იმპერია ჩემი ქვეყნის წინაშე ამაშია დამნაშავე, მან სარწმუნოება საქართველოში მის პოლიტიკას და სახელმწიფოს დაუქვემდებარა.
დააკნინა, მიწიერად აქცია, დასვარა და შებღალა.
კირიონ კათოლიკოსი, ამბროსი ხელაია გაამართლა, როდესაც ბოლშევიზმის უღმერთობა უარყო.
მაგრამ ანტონ მეორე არასდროს მოუნანიებია – საქართველოს უკანასკნელი კათოლიკოს-პატრიარქი, რომელიც 1811 წელს გადააყენა და რუსეთში გადაასახლა.
მე იქიდან ვიწყებ.
დღეს შიო მესამე აირჩიეს კათოლიკოს-პატრიარქად. მე პირფერობა არ მჩვევია და არც საქმისთვის, “პოლიტიკისთვის”, მჭირდება.
შიომ არ შეიმჩნია, როდესაც რეჟიმი უმოწყალოდ გვისწორდებოდა და გვისწორდება.
პოლიტიკაში არ უნდა ჩარეულიყო, შეეძლო პატიმრების მონახულება, ძალადობის მკაფიოდ დაგმობა.
შიოს მე ბრალს ვერ დავდებ, რომ რუსეთის დასმული ეგზარქოსია, რადგან ამდენი არ ვიცი.
ვიცი, რომ მთელი მისი განათლება და წინსვლა სასულიერო წოდებაში რუსეთს უკავშირდება.
ამიტომ მაქვს კითხვები, მეტი სიფრთხილით ვეკიდები.
შიომ დელეგატების უმრავლესობად რუსეთთან დაკავშირებული ადამიანები მოიწვია. არ ვიტყვი “პრორუსებს”.
გამოსვლის სიტყვაში, რასაც ვუსმინე, გაიმეორა, რომ პატრიარქი ეროვნული მოღვაწეც უნდა იყოს.
იმავეს ამბობს რუსეთის პატრიარქი კირილე მეორე და უკრაინაში ომს ამართლებს.
ერის სულიერი აღორძინება ტყუილის და მართლის, ცოდვის და მადლის გამიჯვნაზე გადის.
მათ შორის – საკუთარი მაგალითით.
მე ილია მეორეს ნაკლად მივიჩნევდი გადატრიალების დღეებში, რომ ვერ მოიცალა – არა მხარე დაეჭირა,
არამედ ძალადობა და სისხლის ღვრა დაეგმო.
და არა მხოლოდ იმ დღეებში, შემდეგაც, ასი ათასობით მშვიდობიან ადამიანს რომ ქუჩაში ხვრეტდნენ…
სამეგრელოს აოხრებდნენ…
მხარის არდაჭერას არა, ზნეობრივი ხმის არ ქონას, ზნეობის დუმილს ვუწუნებდი.
შიო ამ გზას არ უნდა დაადგეს. ანტონს რომ ემტერება , ამას უნდა გაუსწოროს თვალი.
საქართველოს ზნეობრივ სიმაღლეს რომ ემტერება.
კორუფცია, ფარისევლობა, ანგარება ეკლესიაში… ძალადობა, საზოგადოების დაშინება, უმცირესობებისთვის სულის ამოხდა…
ამის დაგმობის სულიერი ძალა უნდა გამოიჩინოს.
ეს რიტუალები, გრძელი მოსასხამები, ოქროს ფეშხუმები, თვალ-მარგალიტში ჩასმული ბიბლია თეატრია.
თეატრია ჯიპები და ზარ-ზანზალაკები.
რწმენა, მადლი, ღვაწლი… არის ძრწოლა იმ ტვირთის მიმართ, რასაც ბოროტებისთვის თვალის გასწორება და მისი მხილება ჰქვია.
ვნახოთ, გუშინ სავლე დღეს პავლედ შეიძლება იქცეს და გუშინდელი მოციქული – დღეს გამცემად.
ღმერთმა გაუნათოს გზა და მისცეს ძალა.

ასევე დაგაინტერესებთ

„ნაციონალური მოძრაობა“ – გულითადად ვულოცავთ უწმინდეს შიო III-ს – ეკლესიის წინაშე დგას საჭიროება სიბრძნით აღსავსე განახლებისა, რათა კვლავაც შეასრულოს ისტორიული როლი, როგორც საზოგადოების გამაერთიანებელმა ძალამ და იდენტობის მყარმა საყრდენმა