ჟურნალისტი დავით ნიკურაძე:
გაბაპენტინის გამოწერისთვის ჩასვეს ციხეში ექიმი?
ამ სოფლის ორღობის ჭუჭრუტანიდან რომ გაიხედოთ, დაინახავთ, რომ ნორმალურ ქვეყნებში, გაბაპენტინს, წელის ტკივილზეც კი უწერს პაციენტს არათუ ნევროლოგი, ნებისმიერი ოჯახის ექიმი. გაბაპენტინი, კუნთების რელაქსანტი და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო მელოქსიკამი არის იმ 3 წამლის კომბინაცია, რომელსაც დალაგებულ ქვეყნებში აძლევენ დისკის თიაქარით და ნერვის ანთებით გამოწვეულ წელის ტკივილებზე პაციენტებს ექიმები. კრუნჩხვების საწინააღმდეგო მედიკამენტია, რომელიც ნეიროპათიულ ტკივილზე კარგად მუშაობს და მხოლოდ ამერიკაში, ყოველწლიურად, მხოლოდ გაბაპენტინზე 70 მილიონი რეცეპტი იწერება.
70 მ ი ლ ი ო ნ ი!
არათუ ადამიანებს, ჩემს თუთიყუშებს უწერს გაბაპენტინის წვეთებს ვეტი, ავად როდესაც არიან და რამე ტკივათ.
თუმცა რა მიკვირს… წლების წინ, როდესაც თბილისში ყოფნის დროს გრიპით გამოწვეული მტანჯველი მშრალი ხველა მქონდა და პნევმონიით წაქცეულს წერილი მიმქონდა, ჩემი ოჯახის ექიმი ხელებჩამოყრილი, დაღონებული სახით იდგა და ლუღლუღებდა: მაგ მტანჯველ ხველას თბილისში გამოშვებული სიროფი “მაგიტუსი” უშველის, მაგრამ საქართველოს მთავრობას ნარკოტიკების სიაში აქვს ხველების სიროფი შეტანილი და მწვანე რეცეპტი სჭირდება, რომელიც მხოლოდ ნევროლოგს აქვსო. თუმცა ნევროლოგს ხველების სიროფის გამოწერის უფლება არ აქვსო. ჰოდა ვიწექი სიკვდილის პირამდე მისული, შეუჩერებელი ხველებით ყველა კუნთატკიებული, დასუსტებული და კულტურული და განათლებული ადამიანების ნაწილი მამა გაბრიელის ზეთის ცხებას მასწავლიდა, მეორე ნაწილი კი ხახვის მოხრაკვას შაქართან ერთად. ჰო, 21-ე საუკუნეში მასწავლიდნენ ამ მეთოდებს, მტანჯველი ხველისგან გადასარჩენად.
მართლა ნარკობარიგებს რომ ებრძოლოთ არ გინდათ? ამოტრიალებული თვალებით და გალენჩებული სახით რომ დადის ნახევარი ქვეყანა.
ჰო, აბა, ბიჭო! ნარკომანმა ნარკოტიკი ვერ იშოვა და გაბაპენტინს დაუწყო ყლაპვა. ვინ ჭამს მაგას?!
საოცარი სახელმწიფო ვართ. ნებისმიერ ანტიბიოტიკს ურეცეპტოდ ყიდულობს ხალხი აფთიაქებში და ვისაც არ ეზარება, ახრამუნებს შაქარყინულივით. მართლა სერიოზული ბაქტერიული ინფექცია რომ გაუჩნდეს, ბოლო თაობის ანტიბიოტიკებზეც კი რეზისტენტულია ალბათ უკვე მთელი მოსახლეობა. სადაც მართლა საჭიროა, იქ დაამყარეთ წესრიგი!




