დავით ნარმანია – 45-წლიანი არსებობის განმავლობაში ენგურჰესმა ქვეყნის ენერგომომარაგებაში უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ ენგურჰესის 45 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
სემეკის ინფორმაციით, სიტყვით გამოსვლისას, სემეკის თავმჯდომარემ საქართველოსთვის ენგურჰესის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ენგურჰესის 45 წლის იუბილეს ვულოცავ სადგურის ყველა თანამშრომელს, ქვეყნის ენერგეტიკის სექტორის ყველა წარმომადგენელს. ენგურჰესის მნიშვნელობა დიდია ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული თუ სხვა მიმართულებების განვითარებაში. ენგურჰესი არის საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის გარანტი. 45 წლიანი არსებობის განმავლობაში ენგურჰესის საიმედო და გამართულმა ფუნქციონირებამ ქვეყნის ენერგომომარაგებაში უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა. მისი არსებობის განმავლობაში სადგურის მიერ ელექტროენერგიის გამომუშავება 120 მილიარდ კვტ.სთ-ს აღემატება. ამასთანავე, რეაბილიტაციის შედეგად კიდევ უფრო გაიზარდა გამომუშავებული ელექტროენერგიის მოცულობა და მუშაობის საიმედოობა. აღსანიშნავია, რომ ენგურჰესი ის ადგილია, სადაც ქართველებსა და აფხაზებს თანამშრომლობა არ შეუწყვეტიათ. 2015 წელს, ქვეყნის უდიდეს ჰიდროელექტროსადგურს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს მის უნიკალურობასა და მასშტაბურობას“, – აღნიშნა დავით ნარმანიამ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
ღონისძიებაზე „საპატიო ენგურჰესელის“ ჯილდო გადაეცათ სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებს, რომლებიც 45 წლის განმავლობაში უზრუნველყოფდნენ ჰესის ფუნქციონირებას. ამასთანავე, გაიმართა ენგურჰესის ისტორიის შესახებ ფილმის ჩვენება.

ასევე დაგაინტერესებთ

თამარ ბუჩუკური: შეგახსენებთ ქოცებო, ტროლებო და ყოვლად უგვანოებო – ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატის შვილი ადანაშაულებს რეჟიმს გაუპატიურებაში და ხაზგასმით – არაა ეს პატიმარი პოლიტიკური ნიშნით დაკავებული

ქეთი ქურდოვანიძე: ცოცხების კადრებს ვინც უყურეთ და მას მერე ტელევიზორს აღარ უყურებთ და პოლიტიკაში არ ერევით, იმათ მივმართავ. ჰო კიდევ იმათ, კასრიდან ამოღებულ კადრებს ლამის საბავშვო ბაღებში რომ აჩვენებდით და ვიშვიშებდით