დავით ნარმანია – სემეკი ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ტარიფების გაზრდას არ გეგმავს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ტარიფების ზრდას კომისია არ გეგმავს. ამის შესახებ მან „მედიაცენტრ მთავარის“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.
„დღეის მდგომარეობით, სემეკ-ის მიერ ჩვენი მოქალაქეებისთვის ხანდაზმული ან არასწორად დარიცხული 700 ათას ლარზე მეტი დავალიანება იქნა ჩამოწერილი. ასევე, ჩვენ მიერ დადგენილი ვადების დარღვევისთვის, ენერგეტიკულ კომპანიებს დაეკისრათ ვალდებულება, შესაბამისად, მათ მოქალაქეებისთვის 330 ათას ლარზე მეტი კომპენსაცია აქვთ დაბრუნებული. ასევე, მნიშვნელოვანია ის, რომ ელექტრო სერვისებზე გადასვლის შემდეგ, ჩვენ ამ სერვისებით სარგებლობის მაჩვენებელს მუდმივად ვუყურებთ. წლის განმავლობაში, მილიონზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა *303# სერვისით, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ სერვისმა გაამართლა. რამდენიმე მიმართულება დავამატეთ ამ სისტემას, 15-ზე მეტი სხვადასხვა ოპერაციის ჩატარებისა და ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა აქვთ ჩვენს მომხმარებლებს.
ტარიფებს რაც შეეხება, ენერგეტიკის სექტორში ჩვენ გადავედით გრძელვადიანი ტარიფების დადგენაზე, კერძოდ, 5 -წლიანი ტარიფების დადგენაზე. ჩვენ 5-წლიანი ტარიფი ელექტროენერგიაზე 2020 წლის ბოლოს დავადგინეთ, ეს ტარიფი არის უცვლელი. ბუნებრივ გაზზე კი 5-წლიანი ტარიფი გასული წლის ბოლოს დავადგინეთ. შესაბამისად, არც ელექტროენერგიისა და არც ბუნებრივი გაზის ნაწილში ტარიფების ზრდას კომისია არ გეგმავს”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
ამასთან, როგორც ნარმანიამ აღნიშნა, მომავალ წელს კომუნალური კომპანიების ე.წ. ცხელი ხაზის სისტემაში ხელოვნური ინტელექტის ჩანერგვაც იგეგმება.
„ვგეგმავთ, კომუნალური კომპანიების ე.წ. ცხელ ხაზებში, ე.წ. ხელოვნური ინტელექტის ჩანერგვას, რათა „ცხელი ხაზის“ გადატვირთულობის შემთხვევაში, ხელოვნური ინტელექტი დაეხმაროს ოპერატორებს და მომხმარებელს ინფორმაცია ავარიებისა და აღდგენების შესახებ ოპერატიულად მიაწოდონ”, – განაცხადა ნარმანიამ.