„დავით კაკაბაძე & მინანქრის სამკაულები და საათები“ საათების კომპანია Patek Philippe-თან თანამშრომლობას იწყებს

„დავით კაკაბაძე & მინანქრის სამკაულები და საათები“ დაარსებიდან 25 წლის იუბილესა და საათების კომპანია Patek Philippe-თან თანამშრომლობის დაწყებას აღნიშნავს. აღნიშნულთან დაკავშირებით 9 დეკემბერს, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიას“ საგამოფენო დარბაზში გაიხსნა დავით (დათი) კაკაბაძის საიუბილეო გამოფენა.
გამოფენაზე წარმოდგენილია საქართველოს ეკლესია-მონასტრებში არსებული ხატები, საეკლესიო ნივთები, საიუველირო ნაკეთობები და მსოფლიოში ცნობილი შვეიცარიული საათების კომპანია Patek Philippe-თან თანამშრომლობით შექმნილი მაგიდის საათი. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ გამოფენაზე წარმოდგენილია ხატი – „ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველო“, რომელიც ერთადერთია და შექმნილია ოთხი ურთულესი ტექნიკით – მიკრომოზაიკა, ტიხრული მინანქარი, ჭედურობა და ფილიგრანი. ექსპოზიცია ეძღვნება საქართველოს პატრიარქ ილია II-ის აღსაყდრებიდან 45 და დაბადებიდან 90 წლის იუბილეს.
დავით კაკაბაძემ მინანქრისა და ოქრომჭედლობის სახელოსნო 1998 წელს დააარსა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის, ლოცვა-კურთხევით. სახელოსნოში, ძირითადად, იქმნება ქართული ტრადიციული ტიხრული მინანქრითა და ოქრომჭედლობით შემკული საერო და საეკლესიო ნივთები – ხელნაკეთი და მაღალი ტექნოლოგიით შესრულებული. კომპანია აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით, არის მულტიფუნქციური და მოიცავს რვა სახელოსნოს.
კომპანია „დავით კაკაბაძე & მინანქრის სამკაულები და საათები“ გამოირჩევა ტიხრული მინანქრის ოსტატური, ურთულესი შესრულებით; მისი ნამუშევრები საქართველოსა და მსოფლიოს ეკლესია-მონასტრებში, მუზეუმებსა და კერძო კოლექციებშია წარმოდგენილი. მათ შორის არის: წმ. ათონის მთა – ივერონი, ვატოპედი, დოქიარი, სიმონო-პეტრა, წმ. კინოტი და სხვა მონასტრები; იერუსალიმის ჯვრის მონასტერი, მაცხოვრის აღდგომის ტაძარი, იერუსალიმის საპატრიარქო; ბეთლემის შობის ტაძარი; საქართველოში სვეტიცხოველი, სამთავრო, სამების საკათედრო ტაძარი, სიონი და სხვ.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)