ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი:
ლუის კეროლის ერთ პერსონაჟს ეკუთვნის საგულისხმო ფრაზა, რომელიც ყველანაირი პროპაგანდის ერთ-ერთი ქვაკუთხედია: “რასაც ორჯერ გეტყვი, სიმართლეც ისაა.”
ბუნებრივია, აქ ბუკვალურად ორჯერ თქმა არ იგულისხმება, არამედ ის, რომ თუ ერთსა და იგივეს ხშირად და სისტემატურად იმეორებ, მსმენელთა დიდი ნაწილი გარკვეული დროის შემდეგ ამ ნათქვამს აღიქვამს როგორც სიმართლეს, თუნდაც ეს აბსოლუტურად მოგონილი და თითიდან გამოწოვილი ამბავი იყოს.
ქართული ოცნების პროპაგანდა დიდწილად დგას სწორედ ამ პრინციპზე. მაგალითად, დღეს ფბ-ს სქროლვისას არაერთხელ შემხვდა სხვადასხვა პირის მიერ თქმული, რომ უსამშობლო ოპოზიციას არა აქვს თავისი აზრი, რომ ის მხოლოდ ლაპარაკობს და აკეთებს იმას, რასაც გარედან ავალებენ და რაშიაც ფულს უხდიან.
ამას ლაპარაკობს პრემიერი, პარლამენტარი, ექსპერტი, ჟურნალისტი, მწერალი, რეჟისორი, მსახიობი, სპორტსმენი თუ ბიზნესმენი. ამასვე ავრცელებენ საკრებულოს წევრები, საჯარო მოხელეები, ტროლები და ბოტები.
ბუნებრივია, ამხელა რესურსით გამაგრებული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა არ არის ადვილი, მაგრამ ოპოზიციას და სამოქალაქო საზოგადოებას აქვს ერთი სერიოზული იარაღი, რომელსაც, ჩემთვის აუხსნელი მიზეზების გამო, დღემდე ფაქტობრივად არ იყენებს: ესაა სასამართლო.
დიახ, ყველა ასეთი განცხადება, ყველა ცილისწამება აუცილებლად უნდა გასაჩივრდეს იმ კანონის შესაბამისად, რომელიც თვითონ ოცნებამ მიიღო. საჩივარი უნდა დაიწეროს ძალიან ბევრი, სასამართლოები პირდაპირ უნდა დაიბომბოს სარჩელებით.
რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ამას? ერთი და ყველაზე მოსალოდნელი ის, რომ მურუსიძის სასამართლო უბრალოდ არ მიიღებს სარჩელს, მაგრამ ესეც შეიძლება ეფექტურ კონტრპროპაგანდად გამოდგეს. ვთქვათ, თუ ასი საჩივრიდან არცერთი არ იქნა წარმოებაში მიღებული, ესეც ხომ გადაწყვეტილებაა და ამ ასი უარის გახმაურებაც ხომ ერთგვარი დარტყმაა სისტემაზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ? არაფერს ვამბობ იმაზე, რომ კობახიძის პრაქტიკულად ყველა გამოსვლა არის ცილისწამება და ასი სარჩელი წესით მის ნებისმიერ ბრიფინგს უნდა მოსდევდეს. ამის ორგანიზება წესით არც ისე ძნელი უნდა იყოს.
ხოლო თუ სასამართლოს ერთხელ მაინც წაუცდება ხელი და ასეულობით სარჩელიდან ერთი-ორს მაინც მიიღებს წარმოებაში, იქ ნებისმიერი შედეგი ასევე ეფექტური კონტრპროპაგანდა იქნება. არ დაგვავიწყდეს, რომ ოცნების კანონმდებლობით, ცილისწამებაზე საჩივრის დროს მტკიცების ტვირთი მოპასუხეზეა და არა მომჩივანზე.
ადრეც მეწერა ამის თაობაზე და კიდევ გავიმეორებ: ხელისუფლბის წიაღიდან წამოსული ცილისმწამებლური პროპაგანდა მომენტალურად უნდა საჩივრდებოდეს და მომჩივანი უნდა იყოს ბევრი! ეს ფაქტი ასევე მოახდენს ზემოქმედებას ხელისუფლების შედარებით ლაით მომხრეებსა და ნეიტრალ-ჩამოუყალიბებლებზე, რომლებიც ახლა უყურებენ, თუ როგორ ასხამს ხელისუფლება მთელ ოპოზიციურად განწყობი საზოგადოებას და ისინი კიდევ ხმას არ იღებენ. რა დასკვნა გამოაქვთ მერე აქედან? გასაგებია რაც: რომ სიმართლე ისაა, რასაც ორჯერ ეტყვიან.
ასე, რომ…




