დავით ბერძენიშვილი – პირველად საქართველოს ისტორიაში, ქუჩაში პროცესების მთავარი შემოქმედი არის მოქალაქე, მოქალაქის არის ეს პროტესტი – ძალიან ადეკვატურად იქცევა ოპოზიცია

ამ 100 დღის მთავარი სიახლე არის ის, რომ მოქალაქე არის შემკვეთი. პრეზიდენტიც, პოლიტიკური პარტიებიც არიან მოქალაქეების შეკვეთის თანამონაწილეები, – ასე აფასებს „რესპუბლიკური პარტიის“ დამფუძნებელი დავით ბერძენიშვილი პროტესტს, რომელიც 100 დღე უწყვეტად გრძელდება.
როგორც ბერძენიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსი“ აღნიშნა, ოპოზიცია ადეკვატურად იქცევა, რადგან არ ერევა პროტესტში და ადეკვატურად აფასებს იმას, რომ „ეს მისი სალიდერო საქმე არ არის“.
„ქუჩის პროტესტის მამოძრავებელი ძალა არ არის რომელიმე ოპოზიციური პარტია, მეტიც, ბარიერგადალახული ოთხივე პოლიტიკური სუბიექტიც კი. უფრო მეტიც, ძალიან მაღალი საზოგადოებრივი ნდობის მქონე სალომე ზურაბიშვილიც კი არ არის ამ ქუჩის პროტესტის გამოკვეთილი ლიდერი. პირიქით არის საქმე, სალომე ზურაბიშვილი, ოპოზიციური პარტიებიც, ყველა ერთად აღებული არის შემადგენელი ნაწილი და არა პირველი ეშელონი ამ საზოგადოებრივი პროტესტის. პირველად საქართველოს ისტორიაში, ქუჩაში პროცესების მთავარი შემოქმედი არის მოქალაქე. მოქალაქის არის ეს პროტესტი. ძალიან ადეკვატურად იქცევა ოპოზიცია. ზოგის მიმართ რაღაც პრეტენზიებია, ეს გასაგებია. სამმა პარტიამ საერთოდ უარი თქვა მანდატებზე. ერთმა არ თქვა უარი, მაგრამ არ მონაწილეობს საპარლამენტო მუშაობაში.
ამ 100 დღის მთავარი სიახლე არის ის, რომ მოქალაქე არის შემკვეთი. პრეზიდენტიც, პოლიტიკური პარტიებიც არიან მოქალაქეების შეკვეთის თანამონაწილეები. ოპოზიცია ადეკვატურად იქცევა, ვერც ჩაერევა და ვერც ილიდერებს და ადეკვატურად აფასებს, რომ ეს მისი სალიდერო საქმე არ არის“,- აცხადებს ბერძენიშვილი.
მისივე მოსაზრებით, პროტესტი „მაქსიმუმზეა გასული“.
ბერძენიშვილის თქმით, წარმატებისთვის საჭიროა საერთაშორისო მხარდაჭერა, რაც გამოხატული იქნება „სერიოზული სანქციების“ სახით.
„წარმატებისთვის გვჭირდება სერიოზული სანქციები, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრების ცხოვრების უფლება არ უნდა იყოს დასავლეთის ქვეყნებში, მილიარდები უნდა გაუყინონ და წაართვან, ეს არის ქმედითი ნაბიჯები ივანიშვილისნაირ ხელისუფალზე. ეს დამოკიდებულია ამერიკის შეერთებულ შტატებზე“,- აღნიშნა ბერძენიშვილმა.
ამასთან, მან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების საკითხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ადგილობრივი არჩევნები დღეს არ უნდა იყოს ორიენტირი.
„ადგილობრივი არჩევნები არ არის აქტუალური თემა დღეს, არ უნდა ავყვეთ ამას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ ახსენა პირველად და როგორ. იქამდე ძალიან დიდი დროა. ადგილობრივი არჩევნები დღეს არ არის ორიენტირი. დღეს ორიენტირი არის სინდის პატიმრები, საპარლამენტო არჩევნები. ეს დღის წესრიგი უნდა გავაგრძელოთ. სწორად იქცევიან პარტიები, როდესაც აიგნორებენ ადგილობრივ არჩევნებს.
დღეს მთავარია შენარჩუნებული, გაძლიერებული პროტესტი და ძალიან გვჭირდება მხარდაჭერა“,- განაცხადა ბერძენიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ჩვენი ქვეყანა ვაშინგტონის სამიტზე მიდის მძიმე სასტარტო პოზიციებით და ეს არის საგარეო პოლიტიკური კავშირები რუსეთთან, ჩინეთსა და ირანთან – აშშ-ის სამიტის შინაარსი და „ოცნების“ პოზიციონირება მნიშვნელოვან კოლიზიაშია ერთმანეთთან

გია ვოლსკი – მაკა ბოჭორიშვილის ვაშინგტონში მიწვევა სერიოზული დასტურია იმისა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია – ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობა აშშ-სთვისაც სერიოზული შენაძენი იქნება