დავით არახამია: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველო ჩვენთან ერთად შემოვიდეს ევროკავშირში

უკრაინის უმაღლესი რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ეხმაურება. მისი თქმით, საქართველოს ბევრი სამუშაო აქვს და თუ ქვეყანაში რეფორმები არ გატარდა, „საქართველო იქნება როგორც თურქეთი, რომელიც უკვე 18 წელია რაც კანდიდატი ქვეყანაა“.

„დღეს დიდი დღეა თქვენთვის და მინდა მივულოცო თითოეულ ქართველს. ეს დიდი დღეა, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. როგორც იცით, ჩვენ კანდიდატის სტატუსი შარშან მივიღეთ და მიუხედავად ომისა, ჩვენმა პარლამენტმა და მთელმა ქვეყანამ ძალიან ბევრი იმუშავა, რომ დაეკმაყოფილებინა ყველა პირობა და რაც შეიძლება სწრაფად დაეწყო მოლაპარაკებები.

მე მინდა მადლობა გადავუხადო მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც ეს ყველაფერი დაიწყო და ფაქტობრივად მან ააფრიალა პირველმა საქართველოში ევროკავშირის დროშა. ვიმედოვნებ, რომ საქართველო ყველაფერს გააკეთებს საიმისოდ, რომ რაც შეიძლება მალე დაიწყოს მოლაპარაკებები. ჩვენის მხრივ, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველო ჩვენთან ერთად შემოვიდეს ევროკავშირში.

ეს გზა რთული იყო. პუტინის ზოგიერთმა მეგობარმა და სამწუხაროდ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მეგობარმა ვიქტორ ორბანმა სცადა ხელი შეეშალა უკრაინისთვის, მაგრამ ჩვენ ეს მაინც შევძელით, ამიტომ ეს დიდი დღეა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ასევე მოლდოვისა და უკრაინისთვის. მე იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება და საქართველო მალე გადავა მოლაპარაკებების სტადიაზე. თქვენ ბევრი სამუშაო გაქვთ, თქვენი მთავრობა უნდა აიძულოთ, რომ რეფორმები ჩაატაროს, წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველო იქნება როგორც თურქეთი, რომელიც უკვე 18 წელია რაც კანდიდატი ქვეყანაა”, – ამბობს თავის მიმართვაში არახამია.

ასევე დაგაინტერესებთ