გრიგოლ გიორგაძე – არალოგიკურია, რომ თითქოს თავდაცვის კოდექსში ცვლილებები არჩევნებთანაა დაკავშირებული

არალოგიკურია, რომ თითქოს თავდაცვის კოდექსში ცვლილებები დაკავშირებულია არჩევნებთან, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
გიორგაძე ამ ბრალდების არალოგიკურობას იმით ხსნის, რომ ონლაინ სტუდენტებთან დაკავშირებით ცვლილებები ძალაში 2025 წელს შედის, თუმცა, იქვე დასძენს, რომ სასამართლოსთან დაკავშირებული ნაწილი მიღებისთანავე ამოქმედდება.
„რამდენჯერმე გაიჟღერა, თითქოს ცვლილებები რაიმენაირად დაკავშირებულია არჩევნებთან, ეს არალოგიკურია, რადგან რა ცვლილებებზეც ვსაუბრობთ ონლაინ სტუდენტებთან დაკავშირებით 2025 წლიდან შევა ძალაში. რაც შეეხება მეორე ცვლილებას, რაც დაკავშირებულია სასამართლოში საქმის წარმოების დაჩქარებასთან, აქ ლოგიკაა ის, რომ დროულად დასრულდეს საქმის განხილვა თუ გადაწყვეტს ახალგაზრდა, რომ არასწორად მოხდა მისი ჯარში გაწვევა. ეს არის არსი, რომ გასაჩივრების ბოროტად გამოყენება არ მოხდეს და ხანგრძლივი სასამართლო პროცესებით არ მოხდეს ჯარის თავიდან არიდება. ეს ნაწილი ახლავე შედის ძალაში, როცა კანონს მივიღებთ“, – განაცხადა გიორგაძემ.
კითხვაზე: ხომ არ განიხილავენ, რომ მოქალაქეს, რომელიც შეიტანს საჩივარს, მიეცეს საშუალება დაელოდოს გადაწყვეტილებას და იქამდე არ იმყოფებოდეს ჯარში, მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ საპროცესო კოდექსი იძლევა იმის საშუალებას, სასამართლომ გააუქმოს გაწვევა, თუ სახეზეა აშკარა დარღვევა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარგუს ცაჰკნა: საქართველოს პრეზიდენტის ვეტო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე წინ მიმავალ გზას ხსნის – ესტონეთი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაიწვიონ კანონი