გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში აშშ-ის წარმომადგენელი თბილისში შეხვედრებს მართავს

-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორი გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში რიჩარდ ნეფიუ საქართველოში შეხვედრებს მართავს.
ამერიკელმა მაღალჩინოსანმა პირველი შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართა.
როგორც ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარემ, თინა ხიდაშელმა განაცხადა, დღეს საქართველოსთვის კორუფცია ეროვნული უსაფრთხოების საკითხია და ამიტომ მნიშვნელოვანია, პარტნიორები მაქსიმალურად ინფორმირებული იყვნენ.
ს თქმით, რიჩარდ ნეფიუსთან შეხვედრაზე სასაუბრო საკითხებს შორის იყო ს შვილის ამერიკაში გამგზავრება და სტრატეგიული კორუფციის საქმეები, რომელიც ჩინურ კომპანიებს შეეხება.
„საკითხები, რომლებზეც დღეს მიმდინარეობს საუბარი, ძირითადად, ეხება სტრატეგიულ კორუფციას, როდესაც ქვეყნის უსაფრთხოებას ექმნება საფრთხე და როდესაც კორუფცია ხდება ეროვნული უსაფრთხოების თემა. ამიტომ ჩვენ სულ ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად ინფორმირებული გვყავდეს ჩვენი პარტნიორები, რადგან ქართულ სახელმწიფოს სერიოზული დახმარება სჭირდება. 2024 წელია, საარჩევნო კამპანია დაიწყება მალე, ხელისუფლება დაიწყებს პარტიული ინტერესებისთვის უზარმაზარი ფულის ხარჯვას სახელმწიფო ბიუჯეტიდან“, — განაცხადა თინა ხიდაშელმა.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) დირექტორის, გიორგი კლდიაშვილის განცხადებით, შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ანტიკორუფციულ ბიუროსთან დაკავშირებით. კერძოდ. იმაზე, რომ ანტიკორუფციულ ბიუროს საგამოძიებო ფუნქციები არ გააჩნია, რაც მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სამომავლოდ დაემატოს.
„ჩვენ ვისაუბრეთ არსებულ გამოწვევებზე, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არის კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით – რამდენად ეფექტური არის ის მოდელი და სისტემა, რომელიც საქართველოში კორუფციასთან ბრძოლისთვის შეიქმნა, რამდენად არსებობს კონკრეტული კორუფციის შემთხვევები ჩვენს რეალობაში“, — განაცხადა გიორგი კლდიაშვილმა.
გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორმა შეხვედრა გამართა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთანაც. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შალვა პაპუაშვილმა რიჩარდ ნეფიუსთან უკანასკნელ პერიოდში საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა, მათ შორის, კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით.
„მან [შალვა პაპუაშვილმა], აგრეთვე, მიმოიხილა საქართველოს პროგრესი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და საერთაშორისო რეიტინგები, რომლებიც საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს სათანადოდ ასახავს.
რიჩარდ ნეფიუმ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მიულოცა და დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი. მისი თქმით, კორუფციასთან ბრძოლა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ერთ-ერთი პრიორიტეტია და ეს მიმართულება მნიშვნელოვანია, რათა დემოკრატია მაქსიმალურად კარგად ფუნქციონირებდეს. მან აღნიშნა, რომ მისი ვიზიტის მიზანია ხელი შეუწყოს დიალოგსა და გამოცდილების გაზიარებას კორუფციასთან ბრძოლის საკითხებზე“, — ნათქვამია პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები კორუფციასთან ბრძოლისა და გამჭვირვალობის გაძლიერების მიმართულებებით. მათივე ცნობით, რიჩარდ ნეფიუმ საქართველოს შემდგომი მხარდაჭერის მზაობა გამოხატა.
რიჩარდ ნეფიუმ შეხვედრა გამართა ანტიკორუფციული ბიუროს უფროსთან, რაჟდენ კუპრაშვილთანაც. ანტიკორუფციული ბიუროს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე რაჟდენ კუპრაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო გლობალურ ინდექსებში კორუფციის დაბალი დონით მოწინავე პოზიციას იკავებს.
მათივე ინფორმაციით, ასევე, საუბარი შეეხო ბიუროს ძირითად ფუნქციებსა და მიმართულებებს.
„რაჟდენ კუპრაშვილმა ისაუბრა ანტიკორუფციული ბიუროს მიერ გატარებულ რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზე. საუბარი შეეხო დიგიტალიზაციის პროცესსა და ანტიკორუფციული ბიუროს ეროვნული სტრატეგიის შემუშავებას. ბიუროს უფროსმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და შესაძლებლობების განვითარება კორუფციასთან ბრძოლის კუთხით პრიორიტეტულია.
რიჩარდ ნეფიუს თქმით, აშშ-ს ადმინისტრაცია მხარს დაუჭერს საქართველოს ანტიკორუფციულ ბიუროს კორუფციასთან ბრძოლის კუთხით გასატარებელი რეფორმების ეფექტურად განხორციელების პროცესში“, – ნათქვამია ანტიკორუფციული ბიუროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ