“4 რიცხვში იქ ვიყავი, ეს არც დამიმალავს, 4-დან 9-მდე არც არსად გავქცეულვარ და არც დავმალულვარ, რადგან არაფერი დამიშავებია არც ხალხის და არც ერის წინაშე, მე პროფესიონალური მოთხოვნებით ვმოქმედებდი.
პროკურორებმა თქვეს, გიორგი ჩახუნაშვილი იქ იყოო, მეტი არაფერი თქმულა. როცა ვიგრძენი, რომ ჩემი პროფესიონალური საჭიროება იყო, შიგნით შევედი, ჩემი საქმიანობა გავაკეთე, დაახლოებით, 28 წამი ვიყავი შიგნით, ხელში ფიზიოლოგიური ხსნარი მეჭირა, რომელიც საჭიროებისამებრ გამოვიყენე. 230 000-ზე მეტი ბავშვი მყავს საქართველოში უფასოდ გასინჯული. ჩემი სამედიცინო საქმიანობა და მისი მოსალოდნელი შედეგები, ჩემშია შინაგანად, მე ვარ მედიკი მაშველი. არ დავიწყებ, რამდენი ბავშვი გადამირჩენია, ისეთი გადაწყვეტილებები მიმიღია, რაც პროტოკოლს და გაიდლაინებს სცდებოდა, თუმცა, მათი სიცოცხლე გადამირჩენია.
ახლაც რომ დამაბრუნონ უკან და საშიშროების წინაშე ვიყო, იგივეს გავაკეთებდი.
არც ერთ მუხლს არ ვეთანხმები, არ და ვერ ვაღიარებ, რაც არ ჩამიდენია. ბოდიშის მოხდაც არ გამიჭირდებოდა, თუ ეს საჭირო იქნებოდა. 72 წლის ისე გავხდი, ისე არ გამითენებია, რომ ბოდიში მომეხადა იმაზე, რაც არ ჩამიდენია.
8 თვეა, გარეთ ვარ, თუმცა, შეიძლებოდა ამ ბიჭებივით შიგნით ვყოფილიყავი. რა გავაკეთე ამ 8 თვის განმავლობაში? ორი მსოფლიო კონგრესი ჩავატარე, ორი ჟურნალ-გაზეთი გამოვუშვი, გადავარჩინე ჩემთან კონსულტაციის შედეგად 3 პატარა ბავშვი, რომელთაც აბორტი უნდა გაეკეთებინათ…
თქვენ [მოსამართლე] ძალიან რთულ სიტუაციაში ბრძანდებით. ახლა თქვენ გადაწყვიტეთ სად უფრო ვარ საშიში, გარეთ, თუ შიგნით, სად უფრო საჭირო ვარ სახელმწიფოსთვის, გარეთ, თუ შიგნით” [IPN] | განაცხადა დღევანდელ დასკვნით სიტყვაში 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულმა ექიმმა გიორგი ჩახუნაშვილმა.




