გიორგი ფოცხიშვილი გახდა ნიდერლანდების ნაციონალური ბალეტის მთავარი სოლისტი

18 ნოემბერს, ბალეტ „რაიმონდას” შემდეგ, რომელშიც გიორგი ფოცხიშვილმა მთავარი პარტია იცეკვა, ნიდერლანდების ნაციონალური ბალეტის დირექტორმა ტედ ბრანდსენმა იგი დააწინაურა ნიდერლანდების ნაციონალური ბალეტის მთავარ სოლისტად.
„გიორგი არის ფენომენალრური ნიჭით დაჯილდოებული მოცეკვავე, როგორსაც იშვიათად შეხვდები. მას აქვს ქარიზმატული სასცენო ხასიათი, განსაკუთრებული ნახტომები, ტექნიკა და თანდაყოლილ პარტნიორობის უნარი. [გიორგი არის] გამორჩეული მოცეკვავე, რომელსაც ასეთ პატარა ასაკში უკვე შეუძლია შთააგონოს უამრავი მაყურებელი”, – განაცხადა ტედ ბრანდსენმა.
2023 წლის სექტემბერში გახდა ალექსანდრა რადიუსის ჯილდოს მფლობელი. ალექსანდრა რადიუსი წლების მანძილზე იყო ნიდერლანდების ნაციონალური თეატრის მთავარი და გამორჩეული სოლისტი. მის სახელს ატარებს ჯილდო, რომელიც გადაეცემათ გამორჩეულ და იმედის მომცემ ახალგაზრდა მოცეკვავეებს.
გიორგი ფოცხიშვილი თბილისში ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში სწავლობდა და 2020 წელს შეუერთდა ნიდერლანდების ნაციონალურ თეატრის ახალგაზრდულ დასს. 2023 წლის აპრილში ქართველი ბალეტის მოცეკვავე დააწინაურეს სოლისტის პოზიციაზე, 18 ნოემბერს კი – მთავარ სოლისტად.