გიორგი ბურჯანაძე ევროსასამართლოში საქმის განხილვაზე – დარწმუნებულები ვართ, ამ ბრძოლას გამარჯვებით დავასრულებთ და მოვახერხებთ ჩვენი საქმიანობის ძველებურად გაგრძელებას ადამიანის უფლებების დასაცავად საქართველოში

დარწმუნებულები ვართ, ამ ბრძოლას გამარჯვებით დავასრულებთ და მოვახერხებთ ჩვენი საქმიანობის ძველებურად გაგრძელებას ადამიანის უფლებების დასაცავად საქართველოში, – ამის შესახებ „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის” სამართლებრივმა მრჩეველმა, გიორგი ბურჯანაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროსასამართლოს მიერ 5 სამოქალაქო ორგანიზაციის დაყადაღების საქმეზე არსებითი განხილვის დაწყებას.

მისივე თქმით, საქმეზე ხელისუფლებას ევროსასამართლოსთვის სამართლებრივი არგუმენტების წარდგენა მოუწევს.

„დაიწყო იმ ყადაღის საკითხის განხილვა, რომელიც შარშან აგვისტოში პოლიტიკური ნიშნით იქნა გამოყენებული ორგანიზაციების მიმართ. მანამდე ანალოგიური ღონისძიება სხვა ფონდების მიმართაც იქნა გამოყენებული. სრულიად დაუსაბუთებელი ყადაღა იყო, რომელიც ჩვენ მიერ გასაჩივრდა ეროვნულ დონეზე, რის შემდეგაც რამდენიმე დღეში საქმე წავიდა სტრასბურგის სასამართლოში. ეს საკითხი 25 ივნისს დაკომუნიცირდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან. მათ დაევალათ სამართლებრივი პასუხების წარმოდგენა ოქტომბრის შუა რიცხვებამდე. ეს ნიშნავს იმას, რომ დაიწყო ამ საკითხის განხილვა და ნიშნავს იმას, რომ ამ საკითხს სასამართლო დროულად განიხილავს. იმედი გვაქვს, რომ მალე გამოვა შესაბამისი გადაწყვეტილება. არანაირი მოტივაცია, არგუმენტი, არანაირი სამართლებრივი საკითხი არ ყოფილა მითითებული იმ შესაბამის ბრძანებაში, რომელიც გამოცემულ იქნა ყადაღასთან დაკავშირებით. დარწმუნებულები ვართ გამარჯვებაში. საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით ადრე თუ გვიან მოვახერხებთ გამარჯვებას იმისთვის, რათა ჩვენი საქმე, საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერა განვახორციელოთ, აღვიდგინოთ ძალები და ის ორგანიზაციული სახე გვქონდეს, რაც ყადაღის შემდგომ მნიშვნელოვნად შეგვიფერხდა.

ამ მექანიზმის მთავარი მნიშვნელობა სწორედ ისაა, რომ ეს არის სამართლებრივი მექანიზმი. პოლიტიკურ პროპაგანდისტულ გზავნილებს, რომელსაც მიჩვეულები ვართ „ქართული ოცნებისგან“, ალბათ ისინი ვერ მოახერხებენ. აქ მოუწევთ სამართლებრივი არგუმენტების წარდგენა. ევროსასამართლო სასამართლო ორგანოა, რომელსაც სჭირდებათ შესაბამისი არგუმენტების წარდგენა, რაშიც ჩვენ საკმაოდ ძლიერები ვართ. არაერთ საერთაშორისო ორგანიზაციას ეს ყადაღები შეფასებული აქვს, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა. დარწმუნებულები ვართ, რომ ამ ბრძოლას გამარჯვებით დავასრულებთ და მოვახერხებთ ჩვენი საქმიანობის ძველებურად გაგრძელებას ადამიანის უფლებების დასაცავად საქართველოში“,- განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.

ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ხუთი ქართული სამოქალაქო ორგანიზაციის – „სოციალური სამართლიანობის ცენტრის”, „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის”, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების”, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI)“ და „საფარის” საბანკო ანგარიშების დაყადაღების თაობაზე საჩივარი დააკომუნიცირა, რაც საქმის არსებითი განხილვის დაწყებას გულისხმობს.

არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით, აღნიშნულ სარჩელს ევროპულმა სასამართლომ მნიშვნელოვანი გავლენის მქონე საქმის სტატუსი მიანიჭა, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლო წინასწარ აფასებს, რომ აღნიშნულ საქმეს შეიძლება ჰქონდეს განსაკუთრებული გავლენა სასამართლოს პრაქტიკაზე, ეროვნულ კანონმდებლობასა და უფრო ფართო უფლებრივ და საზოგადოებრივ საკითხებზე.