გიგა ბოკერია – ასაკრძალ პარტიებშიც თავიდანვე არ შეგვიყვანეს, მათთვის, ვინც “წუხს”, რატომ არ მიჭერენ, ეს მაგალითი დამაიმედებელი უნდა იყოს – ივანიშვილი კი ისტერიაშია და ტრამპის საპასუხო წერილს გარღვევად აფასებს, შემდეგ, როცა არ ხდება, იწყება წყევლა-კრულვა

ვხედავთ, როგორ ისტერიაშია ივანიშვილი და რამდენად სჭირდება პროპაგანდისთვის ყველაფერი. დაიწყო ყაველაშვილისთვის ხელის აწევით, ტრამპმა ხელი აუწიაო და წერილი, რომელიც საპასუხო და სამადლობელია და რომელიც არის წმინდა წყლის ეტიკეტის საკითხი, რაღაც გარღვევად გააფორმა, – ამის შესახებ “ფედერალისტების” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ “პალიტრანიუსის” გადაცემა “პოლიტქალაქში” აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის, ირაკლი კობახიძისთვის გამოგზავნილ წერილთან დაკავშირებით განაცხადა.

ბოკერიამ საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის ვაშინგტონში, მინისტერიალში მონაწილეობაც შეაფასა.

კითხვაზე, რას შეიძლება ნიშნავდეს ბოჭორიშვილის მიწვევა ვაშინგტონში და ხომ არ შეიძლება, ეს ურთიერთობების გადატვირთვის ნიშანი იყოს, ბოკერიამ უპასუხა, რომ რაიმე სახის გარღვევაზე საუბარი ნაადრევია.

“ეს არ შეიძლება რამეს ნიშნავდეს, რადგან ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა რაღაც კონფერენციაზე ეძახიან ამ რეჟიმის წარმომადგენელს.

მე ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი ხოლმე ზოგიერთის ასეთი დამოკიდებულებით, როცა ამბობდნენ, რატომ შეხვდნენ ან რატომ ჩამოართვეს ხელიო [დასავლელმა პარტნიორებმა “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს], რატომ მიიწვიეს სადღაც… სანამ ამ რეჟიმს ძალაუფლება აქვს, საერთაშორისო ასპარეზზე მათთან ექნებათ საქმე. მათ ქვეყნის შიგნით არ აქვთ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის ლეგიტიმაცია, გარეთაც აკლიათ პოლიტიკური ლეგიტიმაცია. ეს არ შეცვლილა და არ შეიცვლება, სანამ ეს რეჟიმი ისეთია, როგორიც არის.

რაიმე სახის გარღვევაზე საუბარი, მინიმუმ, ნაადრევია და არასერიოზული, ივანიშვილის პერსონის ბუნებიდან გამომდინარე. ჩვენ უბრალოდ ვხედავთ მის სისუსტეს – ვინც მისთვის ძლიერია, მასთან ცდილობს დალაგებას. ყველა ავტოკრატი ასეთია და ეს ავტოკრატების ნორმალური ინსტინქტია. ივანიშვილის შემთხვევაში, ის ბუნებრივად დალაგებული არის რუსეთთან, მისი ბუნებრივი მოკავშირეა, ახლა კი არის პარანორმალური ვითარება, რასაც ის არ მოელოდა, რომ ძალთა ბალანსი იცვლება.

მან [ივანიშვილმა] ნახა, ამერიკის მხრიდან ჩვენ რეგიონში ძალის გამოყენება, რუსეთის დასუსტება და ახლა ცდილობს, რომ თავი გადაიზღვიოს. თუმცა, რეჟიმის ბუნება არ იცვლება.

საერთაშორისო ურთიერთობებში ხდება ხოლმე კონტაქტების დამყარება და პრაგმატული გარიგებები თავისუფალი სამყაროს მხრიდან სხვადასხვა ტიპის რეჟიმებთან მიმართებაში, ოღონდ საქართველოს შემთხვევაში ჩვენ გვაინტერესებს, საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის რაიმე მოხდება თუ არა, რაც ამ რეჟიმის პირობებში გამორიცხულია.

ხვალ რომც შერბილდეს დაპირისპირება რაიმე საკითხთან მიმართებაში, ეს რეჟიმი არის სანქცირებული, ამ ადმინისტრაციის პირობებშიც კი არცერთი სანქცია არ მოუხსნიათ არავისთვის.

რაც შეეხება დონალდ ტრამპის წერილს, ეგეც აჩვენებს, როგორ ისტერიაშია ივანიშვილი და რამდენად სჭირდება პროპაგანდისთვის ეს ყველაფერი. დაიწყო ყაველაშვილისთვის ხელის აწევით, ტრამპმა ხელი აუწიაო და წერილი, რომელიც საპასუხო და სამადლობელია და რომელიც არის წმინდა წყლის ეტიკეტის საკითხი, რაღაც გარღვევად გააფორმა. ოღონდ მერე, როცა ეს გარღვევა არ ხდება ხოლმე, ისევ იწყება მოთქმა და წყევლა-კრულვა. ისევ იტყვიან, რომ “დიფ სტეიტის” მძევალია ტრამპი და ა.შ.

ჩემი პროგნოზია, რომ სანამ ამ ბუნებას არ შეიცვლიან [“ქართული ოცნების” წარმომადგენლები], არსებით გარღვევას ვერ მოახდენენ”, – განაცხადა ბოკერიამ.

მან ოპოზიციის ლიდერების მოსალოდნელ დაპატიმრებაზეც ისაუბრა. კითხვაზე, სხვა ოპოზიციონერებს თუ აქვთ ბრალი წარდგენილი ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, მას რატომ არ შეეხო აღნიშნული საქმე, ბოკერიამ უპასუხა, რომ არც მისი დაკავებაა გამორიცხული.

“ჩვენ თავიდან ასაკრძალ პარტიებშიც არ შეგვიყვანეს და მერე შეგვიყვანეს. არ არის გამორიცხული, რომ აქაც ასე მოხდეს, მაგრამ სანამ ეს მოხდება, ისევ გამოუვალ მდგომარეობაში მაყენებთ, რომ ვივარაუდო, რატომ შეიძლება აკეთებდეს ივანიშვილის რეჟიმი რაიმე არჩევანს კონკრეტულ პირებთან დაკავშირებით. ეს მაგალითი მათთვის, ვინც “წუხს” იმაზე, თუ რატომ არ მიჭერენ, დამაიმედებელი უნდა იყოს, რომ რაღაც დროის დაგვიანებით, იმ პარტიებთან ერთად, ვინც არჩევნებში მონაწილეობა მიიღო, დაჭერასთან დაკავშირებითაც მსგავსი ციკლი იყოს.

პოლიტიკოსების დაჭერა არის უმძიმესი სიმპტომი, მაგრამ საზოგადოებას უნდა ვუთხრათ, რომ პრობლემა ის კი არ არის, რომ რომელიღაც პოლიტიკოსს იჭერენ ან არ იჭერენ, არამედ ის, თუ რის გამო აკეთებს ამას ეს რეჟიმი. ამას რეჟიმი აკეთებს იმისთვის, რომ შეინარჩუნოს ძალაუფლება და ფული, რომელიც არსებობს საქართველოს ყველა მოქალაქის მომავლის ხარჯზე”, – განაცხადა მან.

ბოკერიამ „ოპოზიციის ალიანსის“ გეგმებსა და არჩევნების საკითხზეც ისაუბრა. მისი თქმით, ის ვერ ხვდება, არჩევნებში მონაწილეობა-არ მონაწილეობის საკითხმა ახლა რატომ წამოიწია წინ. ბოკერია ვარაუდობს, რომ ამის ერთ-ერთი მიზეზი „ქართული ოცნების“ პროპაგანდაა, რითაც ცდილობს საზოგადოებას აჩვენოს, თითქოს ოპოზიციაში რყევებია.

„ჩვენი ამოცანაა, რომ მოვიპოვოთ თავისუფალი არჩევნები. გარდატეხას უნდა მივაღწიოთ მთელმა საზოგადოებამ არჩევნებამდე, თორემ არჩევნების „ბოიკოტისტები“ კი არ ვართ. ბოიკოტში კი არ არის საქმე ან ბოიკოტის არგამოცხადებაში, საქმე საზოგადოების ძალაშია, რომელიც პოლიტიკურ პარტიებში უნდა აისახოს. ამ თვალსაზრისით ჩვენი განაცხადი არის მკაფიო – ჩვენ გვინდა, რომ გარდატეხა მოხდეს არჩევნებამდე, რომ არჩევნებს აზრი ჰქონდეს. ჩვენ ვთქვით, რა არის ის პირობები, რაც მიგვაჩნია სწორ პირობებად თავისუფალი არჩევნებისთვის.

გარდატეხას უნდა მივაღწიოთ იმ საკითხებზე საუბრით, რაც რიგით მოქალაქეებს აწუხებთ.

წინასწარ რომ იძახიან, რაც არ უნდა მოხდეს, რვა პარტიაც რომ აკრძალონ და ერთი დატოვონ, ვისაც აირჩევს ხალხი, მაინც აქვს აზრი არჩევნებში მონაწილეობასო, ეს ხომ ბრიყვული ან უპრინციპო განაცხადია? როცა ვითარება მოვა, მაშინ უნდა შეაფასო და საზოგადოებას პატიოსნად უნდა უთხრა, როგორ ხედავ. მე საერთოდ ვერ ვხვდები, არჩევნების თემის წინ წამოწევა ახლა რატომ ხდება. ალბათ იმიტომ, რომ ან არაფერი სათქმელი არ აქვს ადამიანს და ამიტომ ამაზე უნდა ლაპარაკი ან ნებით თუ უნებლიედ, რეჟიმის პროპაგანდას არის აყოლილი, რომელიც ამ თემას სულ გვიბრუნებს, რათა აჩვენოს გამუდმებული რყევები.

ეს არ არის ჩვენი ფოკუსი, ჩვენი ფოკუსი არის ის, რომ პოლიტიკური ერთეული გავძლიერდეთ და ვიპოვოთ რაც შეიძლება მეტი თანამოაზრე“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.