გია ხუხაშვილი – გორში ნახეთ სადიზმის დონე, ხელისუფლებას ვერ გადაუწყვეტია, წესიერ კაცს შეტენონ, რომ ტერორისტია, თუ ფორმალურად ვიღაცებს შეახოცონ ხელი – ნორმალურ ქვეყანაში მინიმუმ შს მინისტრი გადამდგარი იქნებოდა

ახლა ხელისუფლებას ვერ გადაუწყვეტია, რა გზით წავიდეს: ამ წესიერ კაცს შეტენონ, რომ ის არის ტერორისტი მამაძაღლი, თუ ფორმალურად ვიღაცებს [პოლიციელებს] შეახოცონ ხელი, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა გია ხუხაშვილმა განაცხადა, რითაც გორში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება.

„პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ გია ხუხაშვილმა განაცხადა, რომ ნორმალურ ქვეყანაში ასეთი ფაქტის შემდეგ მინიმუმ შინაგან საქმეთა მინისტრი გადადგებოდა.

მისივე თქმით, ეს არ იყო ერთეული შემთხვევა, არამედ საქმე გვაქვს სისტემურ დანაშაულთან, რადგან ძალადობაში ხელმძღვანელობაც იყო ჩართული.

„სისტემისთვის თავისი წარმომადგენლის გაწირვა ძალიან რთულია. ამ ტიპის სისტემები დომინოს პრინციპითაა აწყობილი. ვიღაც რომ გაწირო, ამას შეიძლება ჯაჭვური, ძალიან ნეგატიური რეაქცია მოჰყვეს. ამ შემსრულებლებზე დგას სისტემა და ერთი შემსრულებელი თუ გაწირე, ათმა შეიძლება რაღაცებზე ხელი აღარ მოგიწეროს. ამიტომ შემსრულებლის გაწირვა რთული საქმეა. თუმცა გირგვლიანის საქმეს გავიხსენებ, როდესაც ძალიან აგორდა აღშფოთება საზოგადოებაში, ადგნენ და შემსრულებლები დაიჭირეს, სასათბურე პირობებში ჰყავდათ ციხეში, ფულიც გადაუხადეს როგორც ამბობენ და შეჰპირდნენ, რომ მალე გამოუშვებენ. ახლა ხელისუფლებას ვერ გადაუწყვეტია, რა გზით წავიდნენ: ამ, როგორც ჩანს, წესიერ კაცს შეტენონ, რომ ის არის ტერორისტი მამაძაღლი, რაღაც დანაშაულები შეტენონ, ბოლომდე მიაწვნენ ამას და სისტემური დანაშაული ძალისმიერად გადატეხონ, წაუყრუონ, ან არის მეორე ვარიანტი, ფორმალურად ვიღაცებს შეახოცონ ხელი. იქ იყო 10-14 კაცი, ნახეთ სადიზმის დონე.

ნორმალურ ქვეყანაში ასეთ ფაქტზე მინიმუმ შინაგან საქმეთა მინისტრი გადამდგარია. ეს არ იყო ერთეული დანაშაული, ეს იყო სისტემური დანაშაული, რომელშიც პოლიციის ხელმძღვანელობა იყო ჩართული. სისტემა ამ ტიპის კრიმინალურ დანაშაულზე დგას. შს მინისტრს ძალიან დიდი პრობლემა აქვს საკადრო ამბებში, ასეა პოლიცია სტრუქტურირებული, შესაბამისად, ის იზიარებს არა მხოლოდ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, არამედ შეიძლება უფრო მძიმე პასუხისმგებლობაზეც იყოს აქ ლაპარაკი“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ცნობისთვის, გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში ორ პირს სამართალდამცავთა ჯგუფი ფიზიკურად დღეს გაუსწორდა. აღნიშნულის ამსახველ კადრებს სოციალურ ქსელში „ქართლის ამბები“ ავრცელებს. თავის მხრივ, პროკურატურამ პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.