გვარამია: ჩემს მოკავშირედ მოვიაზრებ ყველას, ვინც თანახმაა და უნარიანია, იაროს ახალი და ეფექტიანი გზებით

ტელეკომპანია “მთავარი არხის” დამფუძნებელი, თავისი პოლიტიკური გეგმების შესახებ ფეისბუკზე წერს და ამბობს, რომ მისი მოკავშირე იქნება ყველა, ვინც თანახმაა, ახალი, ეფექტიანი გზებით იაროს. მისივე ცნობით, ახალი პოლიტიკური გუნდის შემადგენლობის შესახებ თებერვალში გახდება ცნობილი.
“არავის ვთავაზობ, ჩემი თამაშის ნაწილი გახდეს. არავის თამაშის ნაწილი არ გავხდები. ვსაუბრობ და მომავალშიც ვესაუბრები მათ, ვინც მზადაა და გაქანება და კომპეტენცია ყოფნის, ახალი და ერთიანი, ჯანსაღი და ვალდებულებებით დაუტვირთავი გუნდის ერთად გასაკეთებლად. ვინც ასხივებს გამბედაობას – შეცვალოს და კომპეტენციას – მართოს.
ჩემს მოკავშირედ მოვიაზრებ, თუ გნებავთ, ჩემ თავს, მოვიაზრებ ყველა იმ ადამიანის მოკავშირედ, ვინც თანახმაა და უნარიანია, იაროს ახალი, ეფექტური და ეფექტიანი გზებით და მზადაა ითამაშოს სამართლიანი თამაშის წესებით, ყოველგვარი მიკერძოებების, წინასწარგანწყობების და ტრავმული მეხსიერების მიღმა.
დანარჩენი ახალზე და ერთიანობაზე უკვე თებერვალში”, – წერს ის.
ნიკა გვარამიამ 28 დეკემბერს “მთავარი არხის” ეთერში თქვა, რომ ახალი პოლიტიკური კოალიცია შეიქმნება. მისივე განცხადებით, პოლიტიკური პროექტი, რომელშიც თავად აღმოჩნდება, “ახალ ადამიანებზე” იქნება დაფუძნებული.
“ყველა შემთხვევაში, პოლიტიკური პროექტი, რომელშიც ვიქნები, იქნება ახალ ადამიანებზე დაფუძნებული. რამდენი სუბიექტი თუ ადამიანიც არ უნდა შევიდეს, პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური ჯგუფი და ა.შ., ნებისმიერ შემთხვევაში მე ვიქნები ის, ვინც აუცილებლად შესთავაზებს საერთო მაგიდასთან მსხდომ ადამიანებს, სიაში ყოველი მეორე ან მინიმუმ ყოველი მესამე იყოს ის, ვისაც არ მიუღია მონაწილეობა პოლიტიკაში”, – თქვა მან.
გვარამიას თქმით, ეს არ იქნება “ყოფილების პარტია”, თუმცა მისივე დაზუსტებით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ პარტიის რომელიმე ყოფილი წევრი არ იყოს მასთან ერთად. მანვე დაადასტურა, რომ “ელაპარაკება” ენმ-ის ყოფილ თავმჯდომარეს, ს, ასევე ზურაბ ჯაფარიძესა და ელენე ხოშტარიას. მელიამ ახალი პოლიტიკური პარტიის დაფუძნება რამდენიმე კვირის წინ დააანონსა.
“ეს არის ხალხი, ვისთანაც მე ურთიერთობა არ მიჭირს, მაინტერესებს და მათი რესურსი თვალნათელია. კიდევ ერთხელ, “ყოფილთა კლუბი” არ ვიქნებით. აქ იქნებიან ადამიანები, ვინც არავის ყოფილი არ ყოფილა. ჩვენს რიგებში იქნებიან, ძირითადად, როგორც რაოდენობრივად, ისე ხარისხობრივად წამყვანი ხალხი, ვისაც ყოფილობის ტვირთი არ აქვს და არც უნდა ავკიდოთ”, – თქვა მან და დაამატა, რომ არ ჰქონია კომუნიკაცია “ევროპულ საქართველოსთან”.
“მთავარი არხის” დამფუძნებელი ნიკა გვარამია პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 22 ივნისს, მას შემდეგ შეიწყალა, რაც ცნობილი გახდა, რომ უზენაესმა სასამართლომ განხილვაში არ მიიღო ადვოკატების სარჩელი და ძალაში დატოვა ქვედა ინსტანციის გადაწყვეტილება.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამიას 3 წლით და 6 თვით პატიმრობა 2022 წლის 16 მაისს მიუსაჯა, ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე.
ნიკა გვარამიას დაპატიმრების შემდეგ, საქართველოს რეიტინგი მედიის თავისუფლებაზე მომუშავე ორგანიზაციების ანგარიშებში მკვეთრად გაუარესდა – მედიის წარმომადგენლის პატიმრობა საქართველოსთვის იშვიათი პრეცედენტია.

ასევე დაგაინტერესებთ

რუხაძე: ჩემი სამი შვილი ამერიკაში ცხოვრობს და მუშაობს. მე დასავლეთს ძალიან კარგად ვიცნობ, მეტიც, დასავლური ფულის როლს საქართველოში ძალიან ვაფასებ. მე თვითონ მაქვს თითქმის მილიარდ დოლარამდე ჩამოტანილი ამ ქვეყანაში…