გერმანიის უმაღლესმა პროკურორმა შუამდგომლობა შეიტანა 720 მილიონი ევროს გაყინული რუსული აქტივების კონფისკაციაზე

გერმანიის ფედერალურმა პროკურორმა დააყენა საკითხი ასობით მილიონი ევროს გაყინული რუსული აქტივების კონფისკაციასთან დაკავშირებით, რაც შეიძლება იყოს პირველი ასეთი პრეცედენტი ქვეყანაში.
ფედერალურმა პროკურორმა, პიტერ ფრანკმა შუამდგოლმობით მიმართა სასამართლოს, საქმე ეხება 720 მილიონი ევროს გაყინული რუსული აქტივების კონფისკაციას.
პროკურატურის განცხადებით, შუამდგომლობა ფრანკფურტის უმაღლესი რეგიონული სასამართლოს სახელმწიფო უსაფრთხოების პალატაში შევიდა. შუამდგომლობის მიზანია რუსული ფინანსური ინსტიტუტის მიერ ფრანკფურტის საბანკო ანგარიშზე შეტანილი ფულის დაყადაღება ემბარგოს წესების დარღვევის სავარაუდო მცდელობის გამო, რომელიც კრიმინალიზებულია გერმანიის საგარეო ვაჭრობისა და გადახდების კანონით.
საინფორმაციო საიტის Spiegel-ის ცნობით, ფედერალურ პროკურატურას სურს, რომ გაყინული თანხები გადავიდეს სახელმწიფო ხაზინაში.
საუბარია მოსკოვის ბირჟის ეროვნული საანგარიშსწორებო დეპოზიტარის ფულზე, რომელიც გაიყინა 2022 წლის ზაფხულში. Spiegel-ის ცნობით, როგორც კი დადასტურდა ამ აქტივების ევროკავშირის სანქციების სიაში შეყვანა, JP Morgan-მა მიიღო მოთხოვნა მოსკოვის ბირჟის კიდევ ერთი შვილობილი კომპანიის, National Clearing Corporation-ის Commerzbank-ის ანგარიშზე 720 მილიონ ევროზე მეტი გადარიცხვის შესახებ. სანქციების გამო ბანკებმა ოპერაციის განხორციელებაზე უარი განაცხადეს.
გამოცემა წერს, რომ ვინაიდან დამრღვევთა დაკავებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის შანსები თითქმის ნულის ტოლია, მთავრობამ შესაძლოა სცადოს თანხების კონფისკაცია სასამართლოს გადაწყვეტილებით.