გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტია AfD-ის ლიდერი ამბობს, რომ აკრძალვაზე საუბარი ნაციზმის პერიოდს მოაგონებს

გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვის" (AfD) ლიდერი, ალის ვაიდელი აცხადებს, რომ მას "ბნელ დროებას" მოაგონებს მემარცხენე-ცენტრისტული სოციალ-დემოკრატიული პარტიის (SPD) ძალისხმევა მისი პარტიის შესაძლო აკრძალვისთვის.
"ჩვენ ეს უკვე გვინახავს: ადოლფ ჰიტლერი - ოჰ, ეს სახელი გაისმა - მან პირველმა აკრძალა სხვა პარტიები, შეზღუდა პრესის თავისუფლება" - უთხრა ვაიდელმა ჟურნალისტებს 5 ივლისს, ბერლინში, მისი პარტიის შეხვედრის მსვლელობისას.
სააგენტო dpa ავრცელებს ვაიდელის სიტყვებს - რომ დისკუსია, რომელიც "სერიოზულად განიხილავს AfD-ის ამკრძალავ განაცხადს", მას მოაგონებს "ძალიან ბნელ დროებას".
SPD-მა ამგვარი ძალისხმევის გატარების გადაწყვეტილება თავის ყრილობაზე, გასულ შაბათ-კვირას მიიღო და განაცხადა - "დადგა დრო შესაბამისმა კონსტიტუციურმა ორგანოებმა შექმნან პირობები, რათა დაუყოვნებლივ შემუშავდეს განაცხადი AfD-ის არაკონსტიტუციურობის დასადგენად".
პარტიის აკრძალვის გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება აქვს საკონსტიტუციო სასამართლოს, ფედერალური მთავრობის ან პარლამენტის რომელიმე პალატის განაცხადის საფუძველზე.
AfD-ის აკრძალვის შესაძლო პროცედურაზე საუბარი გერმანიაში დიდი ხანია მიმდინარეობს. ამ ძალისხმევის მომხრეები გააძლიერა პარტიის ხელახალმა შეფასებამ საშინაო დაზვერვის სამსახურის - კონსტიტუციის დაცვის ფედერალური ოფისის - მიერ, რომელმაც განაცხადა, რომ AfD-ის "უმტკიცდება მემარჯვენე ექსტრემისტული ტენდენციები". პარტიამ ეს განსაზღვრება გაასაჩივრა და ამის გამო ის ჯერჯერობით არ არის მოქმედებაში შესული.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 ივლისი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.