გერმანიის ელჩი: EU-ის წევრობა საქართველოს ეკონომიკისთვის საუკეთესო რამეა

საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი ამბობს, რომ ევროკავშირის წევრობა საქართველოს ეკონომიკას ძალიან წაადგება, მაგრამ საქართველომ უნდა გადაწყვიტოს, სურს თუ არა ევროკავშირის წევრობა.
ამის შესახებ გერმანელმა დიპლომატმა X-ზე დაწერა.
„გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების ბიზნეს-ფორუმზე მე ვთქვი, რომ ევროკავშირის წევრობა საუკეთესო რამ იქნებოდა საქართველოს ეკონომიკისთვის. მაგრამ საქართველომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება — უნდა ევროკავშირის წევრობა თუ არა. ასევე ვისაუბრე ეკონომიკურ რისკებზე, რასაც არსებული სიტუაცია ქმნის: ფორექსი, საკრედიტო რეიტინგი, შეღავათიანი დაფინანსება, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ვაჭრობა, ტურიზმი და ემიგრაცია“, — წერს გერმანიის ელჩი.
At German Business Association 🇬🇪 I said 🇪🇺-membership would be best for 🇬🇪 #economy, but 🇬🇪 has to make up its mind whether it wants to join or not. I also noted econ #risks to 🇬🇪 of current situation: FX, credit rating, concessional finance, FDI, trade, tourism & #emigration. pic.twitter.com/mCmO2G4bW6 — Peter Fischer (@Diplo_Peter) October 15, 2024
გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების ბიზნეს-ფორუმზე, სადაც მონაწილეობდა ელჩი პეტერ ფიშერი, საქართველოს ეკონომიკის წინაშე მდგარი რისკები 10 ოქტომბერს განიხილეს. ფორუმის თემა იყო “საქართველო გარდამტეხ ეტაპზე?“
„ერთ-ერთი მონაწილის შეკითხვაზე, თუ როგორ გამოიხატება ციფრებში საქართველოს მოგება ევროპული კურსის შედეგად, ელჩმა უპასუხა შემდეგი: „ვფიქრობ, ამის გამოთვლა შეუძლებელია, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ მოიპოვოთ მომავალი ევროპის კავშირში, რაც უაღრესად ძვირფასია. თუმცა ასევე შეიძლება, რომ ეს მომავალი დაკარგოთ“, — ნათქვამია საქართველოში გერმანიის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.