გელა მთივლიშვილი: მიაქციეთ ყურადღება სიტყვას: „მოქალაქე“. პროკურატურა მალავს, რომ სინამდვილეში ეს „მოქალაქე“ მათი აგენტი-პროვოკატორია (რომლის ვინაობაც ვიცით) და ექიმს დანაშაულის პროვოცირება მოუწყეს

“ახმეტაში დააკავეს ექიმი მაია კოხტაშვილი (რუსთაველის პროტესტის აქტიური მონაწილის დედა), რომელსაც პროკურატურამ ბრალი წაუყენა, რომ „სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოქალაქეს ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად უკანონოდ დაუმზადა და გასცა ყალბი რეცეპტი“.

მიაქციეთ ყურადღება სიტყვას: „მოქალაქე“. პროკურატურა მალავს, რომ სინამდვილეში ეს „მოქალაქე“ მათი აგენტი-პროვოკატორია (რომლის ვინაობაც ვიცით) და ექიმს დანაშაულის პროვოცირება მოუწყეს. აგენტმა თავი შეაცოდა – უთხრა, რომ დედა ჰყავდა ლოგინად ჩავარდნილი და წამალი გამოაწერინა.

დიახ, ექიმს რეცეპტი არ უნდა გამოეწერა, მაგრამ როცა საქმე ამ ქმედების სისხლის სამართლის დანაშაულად დაკვალიფიცირებასა და ადამიანის დაკავებას ეხება, პირველ რიგში ყურადღება იმაზე უნდა გავამახვილოთ, რომ საგამოძიებო სამსახურმა დანაშაული თავად შექმნა!
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებული ვიდეოდან ჩანს, რომ აგენტი ექიმთან სულ მცირე მეორედ არის მისული. ექიმი კალენდრის დღეებს ითვლის (და არა ფულს, ვინმეს ასე რომ არ ეგონოს). აგენტი ექიმს ეუბნება: „7-ში უნდა გადავიხადო… გადავიხადო კი არა, მოვიდე შემდეგზე?“ ექიმი პასუხობს: „არა, აღარ მოხვიდე, დამირეკე. მე დაგიწერ ჩემს ტელეფონს, დამირეკე და გამოგიწერ ისე.“ ამ დროს აგენტი ხელს იწვდის ექიმისკენ – სინამდვილეში ის აძლევს ქაღალდს ტელეფონის ნომრის დასაწერად და არა ფულს.

არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ექიმმა ყალბი ცნობა ფულის სანაცვლოდ გასცა (რაიმე მოტივი ხომ უნდა ჰქონოდა?), ვიდეოში არ ჩანს და დარწმუნებული ვარ, არც სისხლის სამართლის საქმეშია.

თვითონ საგამოძიებო სამსახურის ვიდეომასალა სრული მანიპულაციაა – გაერთიანებულია სამი სხვადასხვა საქმის ფრაგმენტები. ნამდვილი „აჯაფსანდალია“, სადაც აქა-იქ ფულიც ჩანს (სავარაუდოდ, სხვა დაკავებულების ეპიზოდებიდან).
ცალკე თემაა დაკავებულის კორიდორში გატარება-გამოტარება, რომ საგამოძიებო სამსახურის ოპერატორმა გადაიღოს – თითქოს მოდების ჩვენება იყოს. ეს არის უკიდურესად ღირსების შემლახველი პრაქტიკა!

კიდევ ერთი დეტალი: საგამოძიებო სამსახური ოფიციალურ განცხადებაში წერს, რომ „საქმეზე გამოძიება სსკ-ის 268-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“. არადა, სისხლის სამართლის მოქმედი კოდექსი (ეს დანაშაული პროვოცირებულიც რომ არ იყოს) სასჯელის სახედ ჯარიმასაც ითვალისწინებს. მაგრამ სისტემა არის მახინჯი, ულმობელი და მიდრეკილი იმისკენ, რომ მიზანში ამოღებული უდანაშაულო ადამიანები ციხეში ჩასვას!

ამ ქვეყანაში ყოველდღე იღუპებიან ბავშვები და ახალგაზრდები ნარკოტიკებით, იძინებენ და ვეღარ იღვიძებენ. ამ დროს საგამოძიებო უწყებები რესურსს ხარჯავენ იმაზე, რომ თავად შექმნან დანაშაულებრივი სიტუაცია და შემდგომ ვითომ „გახსნან“ ის, იმის ნაცვლად, რომ რეალურ დანაშაულს ებრძოლონ!

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტით, თუ სახელმწიფოს წარმომადგენელი ან აგენტი პირს უბიძგებს/აქეზებს დანაშაულზე, რომელსაც ის სხვა შემთხვევაში არ ჩაიდენდა, ეს არის დანაშაულის პროვოცირება” | წერს გელა მთივლიშვილი სოციალურ ქსელში.