გათავისუფლებულების გარდა, საზმაუმ დისციპლინური სანქცია ოთხი მოქმედი თანამშრომლის მიმართ გამოიყენა

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, ორი წამყვანის – ვასილ ივანოვ-ჩიქოვანისა და ნინო ზაუტაშვილის გათავისუფლების გარდა, დისციპლინური სანქცია დაუწესა ოთხ მოქმედ თანამშრომელს. ესენი არიან:
· ირმა ჩუბინიძე – ბრენდინგისა და პრომოციის ჯგუფის რეჟისორი;
· კახაბერ მელიქიძე – პულტის რეჟისორის და შეთავსებით სპორტული არხის რეჟისორი;
· თამარ მშვენიერაძე – გადაცემა „რეალური სივრცის“ კორესპონდენტი;
· იოსებ კაციტაძე – გადაცემა „რეალური სივრცის“ წამყვანი.
ამ უკანასკნელმა მის მიმართ გამოყენებული სანქციის შესახებ ბრძანება საჯაროდ გამოაქვეყნა. დოკუმენტიდან ვიგებთ, რომ მას საყვედური გამოუცხადეს იმ მოტივით, რომ “საჯარო სივრცეში გავრცელებული განცხადებებით, მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ეჭვქვეშ დაყენებით” დამსაქმებელს რეპუტაციული ზიანი მიაყენა. აქვე აღნიშნულია, რომ სანქციის მოქმედების პერიოდში – ერთი წლის განმავლობაში – იგივე ან სხვა დისციპლინური დარღვევის შემთხვევაში მასაც გაათავისუფლებენ.
კაციტაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ “ვერაფრით გავჩერდები მომდევნო 12 თვე. ხვალ ფორმულას შუადღეში ვგეგმავ მონაწილეობას”. სავარაუდოა, რომ უახლოეს პერიოდში სამსახურიდან მასაც გაათავისუფლებენ.
“მიგვაჩნია, რომ ნებისმიერ ორგანიზაციაში მუშაობა და თანამშრომლობა არის ორმხრივი ნების გამოვლენისა და სურვილის შედეგი, რასაც არ ჰქონდა ადგილი მოცემულ შემთხვევაში რის გამოც, საქართველოს პირველი არხის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება გადაცემის, „რეალური სივრცის“ წამყვანთან, ნინო ზაუტაშვილთან და საინფორმაციო გადაცემის, „მოამბის“ წამყვანთან, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან შეწყდეს შრომითი ურთიერთობა. აღნიშნული დისციპლინური წარმოების ფარგლებში მაუწყებლის სხვა თანამშრომლების: გადაცემა „რეალური სივრცის“ კორესპონდენტის, თამარ მშვენიერაძის, ამავე გადაცემის წამყვანის, იოსებ კაციტაძის, პულტის რეჟისორის და შეთავსებით სპორტული არხის რეჟისორის, კახაბერ მელიქიძის, ბრენდინგისა და პრომოციის ჯგუფის რეჟისორის, ირმა ჩუბინიძის მიმართ გამოყენებულია სხვა სახის დისციპლინური სანქციები. მოკვლევის პროცესის შედეგების შეფასება რამდენიმე დასაქმებულთან მიმართებაში კვლავ მიმდინარეობს და პროცესის დასრულების შემდგომ საზოგადოებას მიეწოდება დამატებითი ინფორმაცია დისციპლინარული წარმოების შედეგების შესახებ”, – წერია საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამავე თემაზე:
· ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და ნინო ზაუტაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გაათავისუფლეს
· საზმაუში ამტკიცებენ, რომ წამყვანების გათავისუფლება “სამართლიანი და მიუკერძოებელია”

ასევე დაგაინტერესებთ

თაზო დათუნაშვილი – რაც ელენე ხოშტარიას თავზე ხდება, სტალინური რეპრესიებისთვისაც კი შესაშური, აღვირახსნილი ბოროტებაა – ეს არის უბრალოდ გამწარებული ადამიანის შურისძიება პოლიტიკურ კონკურენტებზე

ევროპარლამენტის ანგარიში – საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უმოქმედობის გაგრძელებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს უვიზო რეჟიმის შეჩერება მთელი მოსახლეობისთვის, რაზეც სრული პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ დაეკისრება