გადადგა მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი

მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიკუ პოპესკუმ დღეს განცხადება თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით გააკეთა. პოპესკუს თქმით, მას “შესვენება სჭირდება” მას შემდეგ, რაც მოლდოვამ რთული პერიოდი გადალახა. მაგრამ, ამავე პერიოდის ერთ-ერთი “ღირსშესანიშნავი მიღწევა”, პოპესკუს აზრით, კიშინიოვის პროგრესი იყო ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.
2021 წლის აგვისტოდან მოყოლებული, პოპესკუ საგარეო უწყებასთან ერთად, ევროინტეგრაციის მიმართულებასაც ხელმძღვანელობდა. სამსახურში მისი ბოლო დღე 29 იანვარს იქნება. მინისტრის პოსტთან ერთად, ის იმავე დღეს დატოვებს ვიცე-პრემიერის თანამდებობას.
„აქამდე განვლილი გზა უკიდურესად რთული იყო და ვფიქრობ, ჩვენ წარმატებით მივაღწიეთ საგარეო პოლიტიკის მიზნებს, რომლებიც პრეზიდენტთან ერთად, ამ გზის დასაწყისში დავსახეთ. ამ ეტაპზე კი შესვენება მჭირდება”, – დაწერა პოპესკუმ 24 იანვარს “ფეისბუკის” გვერდზე.
მოლდოვაში, სადაც დაახლოებით 2.5-მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ნიკუ პოპესკუ არაერთი კრიზისის მართვაში იყო ჩართული, მათ შორის – კორონავირუსის პანდემიის დროს და მეზობელ უკრაინაში რუსეთის განმეორებით შეჭრის პირველი ორი წლის განმავლობაში. ამას გარდა, კიშინიოვი აცხადებს, რომ მოსკოვის მხრიდან მათ წინააღმდეგ გამუდმებით გრძელდებოდა დესტაბილიზაციის მცდელობები.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ერთ მშვენიერ დღეს იქნება კონდიცია, როცა ყველა ერთად დაველაპარაკებით „ოცნებას“, ამ ვითარებაში არ არის, შეგვიძლია მაგალითად მოვიყვანოთ გახარიას დეპუტატების ბედი პარლამენტში – ჩვენ ვართ პიკში მყოფი ავტორიტარიზმის პირობებში