ბრიუსელის უსინდისობის პატიმრები არიან – პაპუაშვილი რეჟიმის პატიმრებზე

ივანიშვილის წარმომადგენელმა, შალვა პაპუაშვილმა რეჟიმის პატიმრების შესახებ გააკეთა კომენტარი. პაპუაშვილი ამბობს, რომ ისინი “ბრიუსელის უსინდისობის პატიმრები არიან”.
“ევროკავშირის ფონდები საქართველოში ძალადობრივი აქციებისთვის გამოიყენებოდა […] ეს ადამიანები ბარიკადებზე, მათ შორის, ბრიუსელის წაქეზებით ავიდნენ. 4 ოქტომბრის დამხობის მცდელობაც გახსოვთ, როცა ბრიუსელის ოფიციალურმა პრესსპიკერმა, 4 ოქტომბრამდე რამდენიმე დღით ადრე, საჯაროდ მხარდაჭერა გამოუცხადა 4 ოქტომბერს, წინასწარ გაცხადებულ დამხობის შეკრებას. ეს მათთვის ვირტუალური მწვანე შუქი იყო, რომ საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციას თავს დასხმოდნენ […]
ამის შედეგად, ჩადენილია ძალადობრივი დანაშაულები, ადამიანები ციხეში მოხვდნენ იმის გამო, რომ წააქეზეს და ბარიკადებზე აიყვანეს, შემდეგ კი ისინი ციხეში მიატოვეს. სწორედ ამ უსინდისობის პატიმარია დღეს ის დარჩენილი, დაახლოებით, 70 ადამიანი, რომელსაც ჯერ კიდევ არ გაუაზრებია ის, რომ სჯობს ენდო საკუთარ ქვეყანას, ვიდრე უცხო სახელმწიფოს. სწორედ შიდა და გარე, მათ შორის, ბრიუსელის უსინდისობის პატიმრები არიან ისინი, ვინც დღეს პატიმრობაში რჩებიან”. – თქვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში.
პაპუაშვილმა ცალკე ისაუბრა რეჟიმის პატიმარ ჟურნალისტზე, მზია ამაღლობელზე.
“მზია ამაღლობელი არის ოპოზიციისა და ბრიუსელის უსინდისობის პატიმარი. მას შეეფარდა ყველაზე მცირე სასჯელი, რაც კი შეიძლებოდა სასამართლოს მხრიდან შეფარდებოდა. ამაზე ნაკლები სასჯელი, საქართველოს საპროცესო კოდექსით, შესაძლებელია მხოლოდ საპროცესო შეთანხმების შემთხვევაში, ეს არის კანონიც და პრაქტიკაც. მას საპროცესო შეთანხმება შესთავაზეს. ამისთვის მხოლოდ ის იყო საჭირო, რომ მზია ამაღლობელს ეთქვა, რომ ეს იყო დანაშაული, რომ ეს ქცევა არასწორი იყო.
მზია ამაღლობელი არის იმ ელჩების უსინდისობის პატიმარი, ვინც სასამართლოზე დაუჯდა, თვალში უყურებდა და ამით ანიშნებდა, რომ არ აღიარო დანაშაული, იჯექიო. იმ ხალხის ბრალია, ვინც ყოველგვარ მიზეზმოკლებულ პრემიებს და ა.შ. აძლევდა, მათ შორის ევროპარლამენტი – და ამით ეუბნებოდა, არ აღიარო, რომ პოლიციელზე თავდასხმა დანაშაულიაო”. – განაცხადა პაპუაშვილმა.
ევროკავშირი “მკაცრად გმობს თვითნებურ დაკავებებსა და მზარდ რეპრესიებს” საქართველოში